-
- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
ბელა ბერძენიშვილის მცირე რეტროსპექტული გამოფენა
29/04/2026
ბელა ბერძენიშვილის მცირე რეტროსპექტული გამოფენა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 30 აპრილიდან უმასპინძლებს ბელა ბერძენიშვილის მცირე რეტროსპექტულ გამოფენას, სახელწოდებით: „მივიწყებული მხატვრები, რომლებმაც შექმნეს თბილისის დაუვიწყარი ადგილები“.
ბელა ბერძენიშვილის (1929-2005) მრავალმხრივი შემოქმედება - დაზგური მხატვრობა, ილუსტრაცია და მონუმენტური ხელოვნება - ქართული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. საბჭოთა რეჟიმის პირობებში, როდესაც ფორმისა და შინაარსის ავთენტური კავშირი ხელოვნურად იყო გაწყვეტილი, მან შეძლო ეროვნული მხატვრული ფორმის ნამდვილი ჟღერადობის აღდგენა.
მხატვრის მიერ 1960-იან წლებში შექმნილი ნატურმორტები ქართული ეთნოგრაფიული კულტურის ამსახველია. ბელა ბერძენიშვილი ასევე ცნობილია სვანეთის პეიზაჟების სერიითა და ნაყოფიერი მოღვაწეობით წიგნის ილუსტრაციაში. მან გააფორმა ქართული ხალხური ზღაპრებისა და პოეზიის ნიმუშები, აგრეთვე „შუშანიკის წამების“ საიუბილეო გამოცემა (1976). მონუმენტური ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშად ითვლება მისი პანო - სასტუმრო „ივერიის“ კედლის მოხატულობა (1967).
საქართველოს დამსახურებული მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ, ლიტერატურისა და ამბროლაურის მუზეუმებში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა კერძო კოლექციაში.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება ბელა ბერძენიშვილის სრული შემოქმედების კატალოგის პრეზენტაცია. კატალოგის პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოსა“ და „შემოქმედებითი თბილისის“ ფინანსური ხელშეწყობით.კატალოგის შეძენა შესაძლებელი იქნება ეროვნული გალერეის მაღაზიაში.
გამოფენა გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში.
მისამართი: რუსთაველის გამზ. №11



