Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ბუბა არაბული, დროისა და სივრცის მიჯნაზე

 29/04/2026

ეროვნული გალერეა

ბუბა არაბული, დროისა და სივრცის მიჯნაზე

2026 წლის 30 აპრილს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება ბუბა არაბულის პერსონალური გამოფენა დროისა და სივრცის მიჯნაზე. 

1986-1990 წლებში სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, ფერწერის მიმართულებით. 

ბუბა არაბული მხატვართა იმ თაობას მიეკუთვნება, რომლის შემოქმედებითი აქტივობა XXI საუკუნის დასაწყისს ემთხვევა და თანამედროვე ქართული ფერწერის ახალ ეტაპს იწყებს. ეს არის დრო, როდესაც მხატვარი სრულიად თავისუფალია იდეოლოგიური ჩარჩოებისგან და საკუთარ ხელოვნებას პერსონალურ გამოცდილებაზე, ინდივიდუალურ მსოფლხედვასა და შთაგონებაზე აგებს. 

არაბულის ვიზუალური ენა იმ შუალედურ მდგომარეობას აღწერს, როდესაც ყოველდღიურობა შინაგან გამოცდილებად გარდაიქმნება. მხატვარი მაყურებელს თითქოს დროსა და სივრცეს შორის გამავალ, წარმოსახვით საზღვარზე ეპატიჟება, სადაც ემოცია ახალ სიხშირეს, ხოლო სიმბოლო განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. მისი ფიგურები, ობიექტები და პეიზაჟები სწორხაზოვან ნარატივს არ გვთავაზობს. ისინი სემიოტიკური ნიშნებია, რომლებიც მეხსიერებას, გაურკვეველ მოლოდინსა და დაუზუსტებელ, თითქმის არაცნობიერ გამოცდილებას უკავშირდება. 

მხატვრის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში - საქართველოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ლიტვაში, ბელგიაში, რუმინეთში, რუსეთსა და შეერთებულ შტატებში.

გამოფენა გრძელდება 2026 წლის 25 მაისამდე.