Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

,,ძალაუფლება და პათოსი – ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები" ლოს ანჯელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმში

 28/07/2015

 28 ივლისიდან ლოს ანჯელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმი ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენას ,,ძალაუფლება და პათოსი - ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები" მასპინძლობს.  

აღნიშნული გამოფენა ლოს ანჯელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმის, ვაშინგტონის ეროვნული გალერეისა და ტოსკანის მთავარი არქეოლოგიური სამმართველოს ორგანიზებით გაიხსნა და ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიურ ექსპოზოციას წარმოადგენს.  

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს ,,ძველი სამყაროს" შედევრებად აღიარებულ ნიმუშებს მსოფლიოს წამყვანი მუზეუმებიდან: ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმი, ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ფლორენციის უფიცის გალერეა, ნეაპოლის ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმი, ათენის ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმი, პარიზის ლუვრი, ვატიკანის მუზეუმი. ასევე,  მათ შორისაა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული, ვანში აღმოჩენილი ბრინაჯოს ჭაბუკის ტორსი (ძვ.წ. II-I საუკუნეები).

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონაწილეობა გამოფენაში მრავალწლიანი თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელსაც ის წარმატებით ახორციელებს ჟან-პოლ გეტის მუზეუმთან (თანამშრომლობის პროექტი ითვალისწინებს უძველესი ლითონების სამეცნიერო შესწავლასა და ტექნიკურ კვლევას). 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გამოფენა 2015 წლის მარტში ფლორენციაში, პალაცო სტროციში გაიხსნა. ლოს ანჯელესის შემდეგ ის ვაშინგტონის ეროვნულ გალერეაში გადაინაცვლებს.

გამოფენა ჟან-პოლ გეტის მუზეუმში 1 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში დასრულდება ფართომასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ბრინჯაოს ჭაბუკის ტორსი უკვე განახლებულ საგამოფენო სივრცეში დაუბრუნდება თავის პირვანდელ ადგილსამყოფელს.