THE CURIOUS CASE OF DMANISI - დმანისის აღმოჩენები National Geographic-ის წიგნში

07 ნოემბერი 2021 - 07 ნოემბერი 2025
Share

დმანისში ჰომინიდების აღმოჩენა National Geographic-ის მიერ გამოცემულ წიგნში "დაკარგული ქალაქები, უძველესი აკლდამები: 100 აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა“ (2021) დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან 100 აღმოჩენას შორის.

არქეოლოგიის გარეშე ბევრი არაფერი გვეცოდინებოდა მსოფლიოს ადრეული ცივილიზაციების შესახებ. ორი საუკუნის განმავლობაში ექვს კონტინენტზე მიმდინარე გათხრებმა დამალული წარსულის დიდი ნაწილი გამოააშკარავა. აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლებისა და საგნების წყალობით, ჩვენი შორეული წინაპრები საკუთარ ამბებს მოგვითხრობენ.

ჟურნალ National Geographic საქართველოს 2021 წლის ნოემბრის ნომერიც სწორედ ამ აღმოჩენებს ეძღვნება, მათ შორისაა დმანისის აღმოჩენები -  „აფრიკიდან დმანისისკენ" - პროფესორი დავით ლორთქიფანიძე მოგვითხრობს დმანისის თავგადასავალის შესახებ.

დმანისში უძველესი ადამიანის ნაშთი პირველად 1991 წელს აღმოჩნდა და მალევე მიიქცია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება. არაერთხელ გამოქვეყნდა პუბლიკაციები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოები დღესაც გრძელდება. დმანისში ჰომინიდების 5 თავის ქალა და 4 ქვედა ყბაა აღმოჩენილი. მსოფლიოს არც ერთ ძეგლზე ჰომინიდების ამდენი ნაშთი ერთ შრეში არ აღმოჩენილა. დმანისის ძეგლის კვლევების შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია და სრულიად შეცვალა მსოფლიოს წარმოდგენა უძველესი ადამიანის პირველი მიგრაციის შესახებ აფრიკის გარეთ. 

დღეს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება ერთხმად აღიარებს, რომ დმანისი წარმოადგენს ადგილს, სადაც აფრიკიდან Homo-ს პირველი გავრცელება მოხდა.

National Geographic-ის ახალ წიგნში აგრეთვე შესულია პომპეის აღმოჩენა. სიმბოლურია, რომ სწორედ 2021 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობდა პომპეის საგანძურის გამოფენას (18 ივლისი - 30 სექტემბერი; 13 ოქტომბერი - 7 ნოემბერი). ვანის არქეოლოგიური მუზეუმის შემდეგ, ექსპოზიცია დამთვალიერებელმა თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში იხილა.