ფოტოგამოფენა საგანძური

03 თებერვალი 2020
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ სპეციალურად საქართველოს რეგიონებისთვის შექმნილ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტს „ფოტოგამოფენა საგანძური".

პროექტის კონცეფცია ეფუძნება მსოფლიო სამუზეუმო გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობისა და სამუზეუმო კოლექციების მედიაციაში: კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის, ცნობადობის, პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით შექმნილია მისი მაღალმხატვრული, ესთეტიურად და შინაარსობრივად მისადაგებული ალტერნატივა - ფოტო-ასლები, რაც მარტივია ტრანსპორტირებისათვის და წარმოადგენს შესანიშნავ თემატურ გარემოს მრავალფეროვანი, შემეცნებითი, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი აქტივობების ჩასატარებლად.

„ფოტოგამოფენა საგანძური" 2008 წელს შეიქმნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის დაფინანსებით და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელშეწყობით. შექმნის დღიდან პროექტმა იმოგზაურა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.

„ფოტოგამოფენა საგანძურის" ფარგლებში თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას გავაცნოთ ქართული საგანძური, ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობაში დავანებული მატერიალური და სულიერი ფასეულობები, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდობის აღზრდას ეროვნული ცნობიერების განცდით.

მიმაგრებული დოკუმენტები :
ფოტოგამოფენა საგანძური