პროექტი - ,,ვისწავლოთ გერმანული ენა მუზეუმში"

08 აპრილი 2014
Share

 

2014 წლის 8 აპრილს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ პროექტის -  ,,ვისწავლოთ გერმანული ენა მუზეუმში" პრეზენტაციას.

ინიციატივა საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. ამ პროექტით მომზადდა დამხმარე სასწავლო მასალა გერმანული ენის სწავლებისათვის.

დამხმარე სასწავლო მასალა პედაგოგებს საშუალებას აძლევს ჩაატარონ გასვლითი გაკვეთილი საგამოფენო დარბაზში. გაკვეთილის გეგმა ითვალისწინებს ინტერაქტიულ თამაშებს, გამოფენის გაცნობას, ექსპონატებზე და მათ დეტალებზე ყურადღების გამახვილებას და ამ გზით ახალი გერმანული გამოთქმებისა თუ სიტყვების სწავლებას. ეს მეთოდი ეფუძნება ბაზელის ხელოვნების მუზეუმ (შვეიცარია) არებულ გამოცდილებას, რომელიც ადგილობრივმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს.

წარმოდგენილი დამხმარე სასწავლო მასალა მომზადდა მოწვეული შვეიცარელი ექსპერტის, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ენის განყოფილებისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების თანამშრომლობით და თბილისისა და რეგიონების სკოლის პედაგოგების აქტიური მონაწილეობით.

8 აპრილს, ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ, ჩატარდება საჩვენებელი გაკვეთილი გერმანული ენის დაწყებით საფეხურზე მყოფი მოსწავლეთათვის (7-12 წელი).

გაკვეთილი ჩატარდება საგამოფენო დარბაზში.

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 11, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, მეორე სართული (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღიდან).