Vinum Nostrum- ხელოვნება, მეცნიერება და მითები ღვინის შესახებ ხმელთაშუა ზღვის ანტიკურ ცივილიზაციაში

19 ივლისი 2010 – 15 მაისი 2011

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპონატები ფლორენციის პიტის სასახლის ხელოვნების მუზეუმში, გამოფენაზე "Vinum Nostrum - ხელოვნება, მეცნიერება და მითები ღვინის შესახებ ხმელთაშუა ზღვის ანტიკურ ცივილიზაციაში" იყო წარმოდგენილი.

ექსპოზიცა რამდენიმე განყოფილებისგან შედგებოდა და მოციავდა არქეოლოგიას, ისტორიას, გენეტიკას, ბიოლოგიას, ლინგვისტიკას, სოფლის მეურნეობას, სოციოლოგიას, ხელოვნების ისტორიასა და მეცნიერების სხვა დარგებს რომლებიც ღვინოს უკავშირდება. 

ისტორიული მასალები შუამდინარეთიდან, ანტიური საბერძნეთიდან, რომიდან, თუ ეტრუსკების კულტურიდან საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ ღვინის კულტის განვითარების ისტორია ამა თუ იმ ცივილიზაციაში. 

გამოფენაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან წარმოდგენილ ექსპონატებს ეჭირათ. დამთვალიერებს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა თიხის სასმისს შულავერის გორიდან, რომელიც ჩვენს წელთ აღიცხვამდე მე-6 ათასწლეულით თარიღდება და მსოფლიოში უძველეს ღვინის ჭურჭლად არის მიჩნეული, ასევე წარმოდგენილი იყო ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 3400-2000 წლებით თარიღებული თიხის ზიარ-ჭურჭელი და სასმისი არუხლოდან.

გამოფენისათვის შექმნილ ვებ-გვერდზე http://exhibits.museogalileo.it/vinum/section/GeorgiaCaucasianRegion.html  საქართველოს შესახებ ვკითხულობთ:  “საქართველო მრავალი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ბუნებრივი გარემოის ქვეყანაა; იქ ვხვდებით ყველაფერს,  დაწყებული ზღვის კლიმატური ზონიდან მაღალი მთიანეთით დამთავრებული. სწორედ ამ განსაკუთრებულმა გარემომ და ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნებამ განაპირობა ადამინის განსახლება მის მიწა-წყალზე უხსოვარი დროიდან. დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ნაშთები, რომლებიც დაახლოებით მილიონ რვაასი ათასი წლით თარიღდება, საქართველოს ევროპის იმ უძველეს ნაწილად აქცევს, სადაც პირველად დასახლდა ადამიანი; ხოლო მიუხედავად იმისა, რომ ღვინის წარმოშობის საკითხზე ჯერ ისევ კამათობენ, ფაქტია - უძველეს კვალს ყურძნის მოშენებისა (მე-8 ათასწლეული ჩვენს წელთ აღრიცხვამდე) სწორედ საქართველოში მივყავართ”.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმოდგენა ამ მასშტაბის გამოფენაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში, რაც თვისთავად გულისხმობს მსოფლიო საზოგადოებისათვის საქართველოს წარმოჩენას, ამჯერად, როგორც ღვინის სამშობლოსა და ვაზის კულტის უძველეს ქვეყნად.