მედეას ოქრო – ახალი აღმოჩენები საქართველოდან

14 მარტი 2007 – 03 ივნისი 2007

საქართველოს ეროვნული მუზუემის ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სახელმწიფო პროგრამის „ქართული სეზონი" ფარგლებში დაგეგმილი გამოფენათა ციკლი შემდეგ ქალაქებში: ბერლინი, ნიცა, პარიზი, ვაშინგტონი.

2007 წლის 14 მარტიდან 3 ივნისამდე, ბერლინში, მუზეუმების კუნძულზე, ალტეს მუზეუმის ანტიკური კოლექციების დარბაზებში წარმოდგენილი იყო გამოფენა: „მედეას ოქრო – ახალი აღმოჩენები საქართველოდან”.

ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების ანტიკური კოლექციების ალტეს მუზეუმი ცნობილია თავისი ანტიკური პერიოდის უმდიდრესი კოლექციით. ის გერმანიის დედაქალაქის ცენტრში, მუზეუმების კუნძულზე მდებარეობს და წლის განმავლობაში ასობით ათასი დამთვალიერებელი ჰყავს. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქალაქ ვანში (დას. საქართველო) აღმოჩენილი ანტიკური ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები (ძვ.წ. - V,VI,III სს.). შეირჩა 83 დასახელების ექსპონატი, რომლებიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმშია დაცული. ესენია: თავსამკაულები, სასაფეთქლეები, ყელსაბამები, ბეჭდები, დიადემები, სუდარაზე მისაკერებელი ღილაკები, სამაჯურები, სხვადასხვა სახის მძივები, ბრინჯაოსა და რკინის ქანდაკებები.

გამოფენისათვის გამოიცა 143 გვერდიანი კატალოგი.

გამოფენის ორგანიზატორები: საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სახელმწიფო მუზეუმების ანტიკური კოლექციების ალტეს მუზეუმი.