თინა ცხადაძე - რატიანი. ილუსტრაციების გამოფენა. ქართულ-იაპონური მანგა

23 დეკემბერი 2022 – 15 იანვარი 2023

ეროვნული გალერეა

ვაჟა-ფშაველას პოემა „სტუმარ-მასპინძელი“ (ქართულ-იაპონურ ენებზე.  მთარგმნელი იასუჰირო კოჯიმა)  გამოიცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.  წიგნი  მხატვარმა თინა ცხადაძე-რატიანმა  იაპონური მანგას სტილით  გააფორმა. ეს არის ქაღალდზე  შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები შერეული ტექნიკით. ეს ნახატები  2022 წლის  23 დეკემბრიდან 2023 წლის 15 იანვრამდე გამოიფინება დიმიტრი  შევარდნაძის სახელობის ეროვნულ  გალერეაში. ამასთან, გამოფენის გახსნის დღეს დაგეგმილია თავად წიგნის პრეზენტაციაც. 

მანგას სტილმა  ამჟამად არსებული სახით   დასავლური ტრადიციების დიდი გავლენით განვითარება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო.   თუმცა, მანგას ღრმა ფესვები აქვს ადრეულ იაპონურ ხელოვნებაში. მას  განიხილავენ  როგორც ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთ სახეობასა  და იმავდროულად, ლიტერატურულ ფენომენს.

არ იყო იოლი  ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების ზედმიწევნით მანგას სტილით  დასურათება. ეს უფრო წიგნის ილუსტრირების  ტრადიციულსა  და მანგას სტილს შორის ერთგვარი შუალედური ვერსიაა. წიგნში გამოყენებულია მანგას სტრუქტურა, აუცილებელი ლოგიკური კადრირება, მაგრამ თავად ესკიზები  უფრო ფუნდამენტურ-არსობრივია  და არა სახალისო. თინა ცხადაძე-რატიანი როგორც მანგაკა  (მანგას ხელოვანი) მანგას სტილის   ერთგვარ თავისუფალ ინტერპრეტაციას ახდენს.   ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების  ყველა მთავარი  პერსონაჟი თანაბრად საინტერესო და თან რთული  შინაგანი ბუნებისაა. 

მხატვარი თავისი ნახატებით ეცადა, გადმოეცა კონკრეტული პერსონაჟის   ვაჟასეული ხედვა. ამასთან, მან ნახატების საერთო მხატვრული მთლიანობის, მისი დეტალიზაციის   მეშვეობით  შეეცადა შეექმნა  მაშინდელი   ყოფისა და ხასიათის  შესაბამისი ატმოსფერო.  მხატვარი თავისი შესაძლებლობების სრულ  კონცენტრაციას ახდენს ამ, ერთი შეხედვით, ლაკონიური, მაგრამ მრავალშრიანი ნაწარმოების   უმნიშვნელოვანესი შინაარსობრივი ნიუანსების ხაზგასმისას. ვიზუალურად ეს უფრო გამოიხატება  ნახატების კომპოზიციათა საერთო პლასტიკურ გადაწყვეტაში,  მათი კომპონენტების უხილავ ბმასა თუ  სტილისტურ მთლიანობაში.  ამავე დროს, ეს ნახატები გარკვეულწილად შემეცნებითიცაა, წიგნი ხომ იაპონელი მკითხველისთვისაცაა განკუთვნილი.   

მათში გადმოცემულია იმდროინდელი ყოფა:სახლების თავისებური არქიტექტურა, ინტერიერი, ყოფითი საგნები, ტანსაცმელი, საბრძოლო აღჭურვილობა და ა.შ.  მნიშვნელოვანია მხატვრის მიერ  თანამედროვე სტილის  შერწყმა  ტრადიციულთან, ამასთან,    ტრადიციულზე  რაღაც ახლის დამატება, რაც კარგად ასახავს თავად ხელოვანის- თინა ცხადაძე-რატიანის შემოქმედებითი ძიების არსს.   

თინა ცხადაძე-რატიანი მხატვრების 90-იანელთა  თაობის წარმომადგენელია. ამავე პერიოდიდან ის აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებში. მის მიერ შექმნილი ძლიერ ქალთა სურათ-ხატები, აბსტრაქტული ისტორიები ქალთა შესახებ  სერიიდან -  ქართული მუქი (Georgian Dark)  -   ხშირად მეამბოხე ფემინისტური სულის გამოძახილია.