თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება

25 დეკემბერი 2021 – 05 მაისი 2022

სიღნაღის მუზეუმი

2021 წლის 25 დეკემბრიდან სიღნაღის მუზეუმში ნონკონფორმისტი ხელოვანების კარლო გრიგოლიას და ზურა სეხნიაშვილის ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე "თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება".

6 ნონკონფორმისტი მხატვრის გამოფენა (ავთო ვარაზი, ოთარ ჩხარტიშვილი, ვატია დავითაშვილი, თემო ჯაფარიძე, ამირ კაკაბაძე, ავთო მესხი) 2021 წლის 5 ნოემბერს გაიხსნა სიღნაღის მუზეუმში.

მოქანდაკე კარლო გრიგოლია (1927-2014) ნონკონფორმისტული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი და ქართული აბსტრაქტული ქანდაკების ფუძემდებელია. 1956 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაამთავრების შემდეგ იგი აკადემიაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. კარლო გრიგოლიას შემოქმედებას საფუძვლად ბერძნული კლასიკური პრინციპები უდევს, მის ნამუშევრებში მკაფიოდ გამოვლენილია მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმი და მისწრაფება პლასტიკური ფორმის განზოგადებისაკენ.

ზურა სეხნიაშვილი (1945-2021) განათლებით არქიტექტორ-რესტავრატორი იყო. მას აღდგენილი აქვს 60-ზე მეტი ისტორიული ძეგლი, მათ შორის მუშაობდა სვეტიცხოველზე, დავითგარეჯაზე. ავთო ვარაზმა დიდი გავლენა მოახდინა მის მხატვრად ჩამოყალიბებაზე. ზურა სეხნიაშვილმა ხატვა აბსტრაქციით დაიწყო, რომელიც მისი პროტესტის ერთგვარი ფორმა იყო. მიუხედავად ამისა, ზურა სეხნიაშვილის ხელოვნება უფრო ესთეტიკურ ჭრილში განიხილება, ვიდრე რეფორმატორულ-ბუნტარულად. აქტიური პიროვნული პოზიციის მიუხედავად, იგი ხელოვნებაში უმეტესად სიმშვიდეს ეძიებდა. მისი თქმით, „ალბათ, დრო უნდა გავიდეს… არ მგონია, რომ თავს ვარიდებდეთ რამეს, ალბათ უფრო დამცავი მექანიზმი მუშაობს, ღია ჭრილობებზე საუბარი ძნელია...“

გამოფენის ხანგრძლივობა: 25 დეკეემბერი, 2021 - 5 მაისი, 2022
მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8, სიღნაღი

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის