თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება

05 ნოემბერი 2021 – 05 მაისი 2022

სიღნაღის მუზეუმი

5 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმი წარმოგიდგენთ ნონკონფორმისტი მხატვრების გამოფენას „თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება".

ნიკო ფიროსმანაშვილის 13 მხატვრული ნაწარმოების გვერდით, ფართო საზოგადოებისათვის პირველად ჯგუფურად იქნება ექსპონირებული 6 ნონკონფორმისტი მხატვრის - ავთო ვარაზის, ოთარ ჩხარტიშვილის, თემო ჯაფარიძის, ამირ კაკაბაძის, ვატია დავითაშვილის, ავთო მესხის 50-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, კოლაჟური, ასამბლაჟის და ობიექტის მედიუმში შესრულებული ნამუშევარი, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კერძო კოლექციებიდან.   

სახელოვნებო სფეროში ტერმინის - საბჭოთა ნონკონფორმისტული ხელოვნება დამკვიდრება ამერიკელ ეკონომისტს, ჰარვარდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორს, ნორთონ დოჯს მიეწერება. ის ცნობილია როგორც საბჭოთა არაოფიციალური ხელოვნების ერთ-ერთი პირველი კოლექციონერი. ნორთონ დოჯი ყიდულობდა 60-იანელ მხატვართა სურათებს და არალეგალურად გაჰქონდა საბჭოთა კავშირიდან. ფაქტობრივად, მან გააცნო დასავლეთს ე.წ. საბჭოთა ანდერგრაუნდის ხელოვნება, რომლის 20 000-მდე ნიმუშია დაცული მის კოლექციაში. მათ შორისაა ქართველ ნონკონფორმისტ ავტორთა ნამუშევრებიც. 

საქართველოში ნონკონფორმისტულ მოძრაობას ფრაგმენტული და სპონტანური ხასიათი ჰქონდა. სახელოვნებო სფეროში იმ დროს დამკვიდრებული ოფიციალური იდეოლოგიის უარმყოფელ მხატვართა პოზიცია იწვევდა საბჭოთა ხელისუფლების გააფთრებას. ამიტომ ის ყველა საშუალებას მიმართავდა ხელოვნებაში მაშინდელი რეჟიმისათვის არასასურველი ტენდენციების კონტროლისა და აღკვეთისათვის: იკრძალებოდა გამოცემები, გამოფენები, შემოქმედს უცხადებდნენ საყვედურს, აპატიმრებდნენ, მის წინააღმდეგ ახორციელებდნენ სადამსჯელო ოპერაციებს. ასეთ ატმოსფეროში მხატვარს, როგორც პიროვნებას, უნდა გაეკეთებინა არჩევანი - კომპარტიის, მხატვართა თუ აკადემიური ოლიგარქიის კავშირთა წევრობას, სოცრეალიზმის სულისკვეთებით გამსჭვალულ შემოქმედებას, მმართველი იდეოლოგიის მსახურებასა და შემოქმედებით თავისუფლებას, თვითმყოფადობასა და მსოფლიოს წინაშე პირად პასუხისმგებლობას შორის. შემოქმედებითი თავისუფლებისა და პირადი ღირსების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთების შემთხვევაში კი იგი კარგავდა მატერიალურ პრივილეგიებს, საზოგადოებრივ, სოციალურსა და უფლებრივ გარანტიებს, მმართველთა კეთილგანწყობას, რაც, ფაქტობრივად, საკუთარი თავისა და ახლობლების კანონგარეშე სივრცეში გადაყვანას მოასწავებდა.

60-70-იან წლებში ნონკონფორმისტული აქტიურობით მხატვრებმა - ავთო ვარაზმა, ოთარ ჩხარტიშვილმა, თემო ჯაფარიძემ, ამირ კაკაბაძემ, ვახტანგ (ვატია) დავითაშვილმა, ავთო მესხმა საფუძველი ჩაუყარეს არაოფიციალურ ხელოვნებას საქართველოში, რაც ნიშნავდა ახალი კულტურის ეპოქის დასაწყისს.

***

ავთო ვარაზი (1926-1977) მხატვრებსა და ინტელექტუალებს შორის 60-70-იან წლებში თითქმის ლეგენდად იყო ქცეული. სწორედ მისი ადამიანური და შემოქმედებითი ხიბლით იკვებებოდა გარემო, რომელშიც ჩაისახა ომის შემდგომი ნონკონფორმიზმის   არაოფიციალური ხელოვნება. ამიტომ ქართველ შემოქმედთა უმრავლესობა, ვინც არაოფიციალურ ხელოვნებას ქმნიდა, მეტ-ნაკლებად მისგან იყო დავალებული. ავთო ვარაზი ცხოვრებასა და ხელოვნებაში უკომპრომისო იყო. ის იოლად აღწევდა თავს კლიშეებს. მისი ხელოვნება გამოხატავდა არა ნივთებს, არამედ კავშირებს მათ შორის, იგი ეძებდა არა ფერებს, არამედ ფერის მეტაფორულობას. ავთო ვარაზი არა მხოლოდ დიდი მხატვარი, არამედ დიდი ფსიქოლოგი იყო. თავის პორტრეტულ ფერწერაში ის ჩასწვდა ადამიანის მარტოობის დრამას, მის სიღრმისეულ ეგზისტენციას. იგი ერთ-ერთი იყო მათგან, რომელთა ცხოვრება და შემოქმედებაც ერთმანეთს ერწყმის. ავთო ვარაზი 1977 წლის მარტში გარდაიცვალა, ამავე წლის მაისში კი შედგა მისი ნამუშევრების გამოფენა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA), სადაც მისი ცნობილი ნამუშევარი - „ხარის თავი" ინახება.

1970-იან წლებში ოთარ ჩხარტიშვილმა (1938-2006) თავი დაიმკვიდრა წამყვან ქართველ ნონკონფორმისტ მხატვრად. ის მონაწილეობდა 1974 წლის ე. წ. ბულდოზერის გამოფენაში, ასევე ალექსანდრე გლეზერისა და ევგენი რუხინის ბინებში მოწყობილ არასანქცირებულ გამოფენებში. ოთარ ჩხარტიშვილის მჭიდრო კავშირმა მოსკოვის „ანდეგრაუნდის" მხატვართა წრესთან და 1977 წელს ზიმერლის მუზეუმის (ნიუ-ჯერსი) მიერ მისი კოლაჟის -„სპილოს"  შეძენამ  მიიპყრო სუკ-ის ყურადღება. „1960-იანი წლების ბოლოდან 1990 წლამდე ვზიდე ანტისაბჭოთა მხატვრის ჯვარი და ამიტომ ჩემი ხელოვნება ტოტალიტარიზმისა და ათეიზმის წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი გახდა", - ვკითხულობთ მხატვრის  ავტობიოგრაფიაში.  

თემო ჯაფარიძის (1937-2012) შემოქმედება მრავალშრიანია, რომელიც, ფერწერული ნამუშევრების გარდა, ესეებს, პროზაულსა და პოეტურ ნაწარმოებებსაც მოიცავს. მხატვრის  პირველი გამოფენა 1964 წელს თსუ-ს სააქტო დარბაზში შედგა და ოფიციოზმა ის „ფორმალიზმსა და ბურჟუაზიულ ხელოვნებასთან" გააიგივა. საბჭოეთში ის ნონკონფორმისტულ ხელოვნებად შეფასდა. ქართულ სახვით ხელოვნებაში თემო ჯაფარიძის მიერ ნახატი-ობიექტების, ასამბლაჟების, სივრცობრივი ობიექტებისა თუ კონცეპტუალური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნების დანერგვა ნოვატორულია. თემო ჯაფარიძის ნამუშევრებში მუდმივად თანაარსებობს ნაივურობა, ფსიქოლოგიზმი, ლირიკული რეალიზმი, ეგზისტენციალიზმი, ექსპრესიონიზმი და, იმავდროულად, კონსერვატორული ხედვა.

ამირ კაკაბაძე (1941-2015) სოცრეალიზმის მიღმა, პერიფერიულად მდგომი მხატვარია. მან  სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, საბჭოთა სოცრეალიზმის საპირწონე ფასეულობების შექმნის მიზნით, თეატრისა და კინოს მხატვრად გააგრძელა მუშაობა. 1970-იანი წლების თბილისში არაოფიციალური ხელოვნება ე.წ. ბინის გამოფენებში მკვიდრდება. ამირ კაკაბაძე ამ გამოფენების მხატვარია. სოცრეალიზმთან დაპირისპირებული მისი ხელოვნება ფორმალური ძიებებით, პროზაული საგნის ერთგვარი კულტივირებითა და მოვლენის პოეტიზებით ხასიათდება.

ვახტანგ (ვატია) დავითაშვილი (1946-2000) თელავში ცხოვრობდა. ის კიევის საავიაციო უნივერსიტეტში სწავლობდა და იმ დროს კიევში მცხოვრებ კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვს დაუახლოვდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი გატაცება მხატვრობით. მან ფარაჯანოვთან გაიცნო საბჭოთა არაოფიციალური ხელოვნების წარმომადგენელები და თბილისში დაბრუნების შემდეგ ავთო ვარაზის სახელოსნოში დაიწყო მუშაობა. ვატია დავითაშვილი მეამბოხედ, თავისუფალ ადამიანად შედგა. ერთი შეხედვით, ნაივური,  ჭრელი და გადატვირთული ნატურმორტები თუ პეიზაჟები დავითაშვილის გამორჩეულად  პერსონალურ მხატვრულ სამყაროს ქმნის.

ავთო მესხი (1946-2016) ბავშვობიდან ხატავდა... ,,არ გამომდიოდა ისე ხატვა, როგორიც ხალხს მოსწონდა. ვუხსნიდი, რომ მთა მთა იყო და ქვემოთ რომ არაფერი ეხატა, ასე იყო საჭირო, " - იხსენებდა მხატვარი. ავთო მესხის შინაგანი პროტესტი იმდროინდელი პოლიტიკური წყობის მიმართ მეტად მძაფრი იყო, რამაც განაპირობა მისი ჩამოყალიბება ნონკონფორმისტად. ის 13-14 წლის ასაკში ავთო ვარაზს უახლოვდება და სწორედ მასთან ეცნობა დასავლურ ხელოვნებას. ავთო მესხის ნამუშევრები ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა და სრულიად განსხვავდება საბჭოთა პერიოდის ნონკონფორმისტებისგანაც კი.  ის სხვადასხვა ტექნიკისა და მასალის გამოყენებით მხატვრულ ზედაპირზე ,,ახალ რეალობას" ქმნის. მხატვრის შემოქმედება თანადროული ქართული ხელოვნებისთვის უცხო მხატვრულ მეთოდებსა და მიმართულებებს ასახავს, როგორებიცაა კოლაჟი, კუბიზმი, კონსტრუქტივიზმი თუ აბსტრაქციონიზმი.

გამოფენის კურატორი: ალექსანდრა გაბუნია
თანაკურატორი: ლანა ქარაია

გამოფენის გახსნა: 5 ნოემბერი, 2021 | 17:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 5 ნოემბერი, 2021 - 5 მაისი, 2022
მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8, სიღნაღი

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის