მარიამ ახობაძის გამოფენას „ორდინარული ცხოვრება"

02 ივლისი 2021 – 25 ივლისი 2021

თბილისის ისტორიის მუზეუმი

თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ მარიამ ახობაძის გამოფენას ორდინარული ცხოვრება".  

„არამატერიალური სამყარო ხშირად ჩვენი მოგონებების შემადგენელი ნაწილია. ნივთებთან შეხება აღძრავს წარსულთან დაკავშირებულ მოგონებებს და ხანდახან ეს ნივთები თვითონ არიან მოგონებების ინსპირაცია. მატერიალური და სულიერი სამყარო, ხშირ შემთხვევაში, ინტენსიურად არის დაკავშირებული ცხოვრებისეულ რეალობასთან. ეს რეალობა ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია და გარშემო მყოფებისგან სხვადასხვანაირად აღიქმება. ხშირად უკიდურესად დაძაბული, ექსტრემალური რეალობა, რომელიც გარეშე თვალით განსაკუთრებულად აღიქმება, ამ რეალობაში არსებული პიროვნებისთვის ორდინარული რეალობაა.

ორდინარული ცხოვრება სხვადასხვა ფსიქოლოგიური დაძაბულობის გამო ერთმანეთისგან განსხვავებულია". - მარიამ ახობაძე. 

მარიამ ახობაძის ნამუშევრები, საგამოფენო სათაურით „ორდინარული ცხოვრება", ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ გარემოში, ჩვეულებრივი ყოფითი სიუჟეტების ფერწერული ერთობაა, სადაც თხრობითი ელემენტები კინოკადრივით მიყვება ერთმანეთს. ფერწერულ კადრებში ხან ცარიელი ინტერიერები, ხან კი მათი ბინადრები ჩნდებიან. მხატვრის მიერ დანახულ ყოფით სცენებში თითქოს მნიშვნელოვანი არაფერია. სწორედ აქ ჩნდება მარიამ ახობაძის კონცეპტუალური ხედვის დამახასიათებელი ნიშანი - გარინდებული, დუნე მანერით შესრულებული ნამუშევრების დაკვირვებისას, მაყურებელი აუცილებლად იგრძნობს რაღაც უჩვეულოსა და განსაკუთრებულს - საოცარ ტკბობას "ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის". 

კურატორი: ნინო გუჯაბიძე
თანაკურატორი: ნატალია ნიქაცაძე

გამოფენის გახსნა: 02.07.2021 | 18:00 
გამოფენის ხანგრძლივობა: 02-25.07.2021
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. #8

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის.