ჰენრიკ ჰრინევსკის გამოფენა

17 დეკემბერი 2019 – 31 აგვისტო 2021

სიღნაღის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში წარმოგიდგენთ ჰენრიკ ჰრინევსკის (1869-1938) ნამუშევრების გამოფენას. 

გამოფენა და მისი შემოქმედების ირგვლივ მომზადებული წიგნი ეძღვნება ჰენრიკ ჰრინევსკის 150 წლის იუბილეს.

ჰენრიკ ჰრინევსკი საქართველოში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტების შთამომავალი გახლდათ, რომლის სახელიც უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ქართულ მხატვრობაში. იგი იყო ილია ჭავჭავაძის თხზულებების პირველი ილუსტრატორი (1914 წ.), სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის პროექტის ავტორი ანატოლი კალგინთან ერთად და ასევე შენობის ინტერიერის მოხატულობის ავტორი (1912-1916), თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი დაარსებიდან 1937 წლამდე აკადემიის პროფესორი. ჰენრიკ ჰრინევსკი 1910-1920-იან წლებში მონაწილებდა ქართული ხუროთმოძღვრების შემსწავლელ ექსპედიციებში და შესრულებული აქვს შუა საუკუნეების ძეგლების ჩანახატები, რომელთაც დღეს მხატვრული და ისტორიული ღირებულება აქვს.

ჰენრიკ ჰრინევსკი სტალინური რეპრესიების მსხვერპლია. იგი 1938 წელს დახვრიტეს ჯაშუშობის ბრალდებით. მისი საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია.

სიღნაღის მუზეუმში გამოფენილია ეროვნული მუზეუმის კოლექციაში დაცული ჰენრიკ ჰრინევსკის ნამუშევრები. გამოფენის პარალელურად გამოიცა წიგნი „ჰენრიკ ჰრინევსკი“ ეკა კიკნაძის ავტორობით. წიგნი აერთიანებს ჰრინევსკის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევას, სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს და საარქივო მასალას, რომელთა დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება. 

წიგნი გამოიცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისში პოლონური ინსტიტუტის მხარდაჭერით.

გამოფენის ხანგრძლივობა: 17 დეკემბერი, 2019 - 31 აგვისტო, 2021
მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8, სიღნაღი

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია!