ნიკო ლომაშვილის ნამუშევრების გამოფენა

28 ნოემბერი 2019 – 10 დეკემბერი 2019

ეროვნული გალერეა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ნიკო ლომაშვილის ნამუშევრების გამოფენას „დაახლოებით ერთ სიმაღლეზე" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. საგამოფენო პროექტი ავტორის მიერ ბოლო 12 წლის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს და ახალი მნიშვნელობების ძიებას ეძღვნება.

სახელწოდება „დაახლოებით ერთ სიმაღლეზე" აღნიშნავს მხატვრის სპეციფიკურ მიდგომას საკუთარი ნამუშევრებისადმი: ვიზუალურ და კონცეპტუალურ სტრუქტურაში ყველა თანასწორუფლებიანია, თუმცა ყოველ მათგანს განსაკუთრებული როლი აქვს და სხვადასხვა კუთხიდან მიუთითებს იმ ქვეცნობიერ დინამიკაზე, რომლის ფიზიკურ განსახიერებასაც გამოფენაზე ნაჩვენები 7 სკულპტურა წარმოადგენს.

ნიკო ლომაშვილის ნამუშევრები თითქოს გადიან იმ ბოლოდროინდელი „მეინსტრიმული" ტენდენციის საზღვრებიდან, რომელიც ხელოვნების ნაწარმოების მიზანმიმართულ დეესთეტიზაციას გულისმხობს. მხატვარი ცდილობს ნამუშევარი გაათავისუფლოს კონცეფციის დომინაციისგან და მეტწილად ესთეტური გამოცდილება შემოგვთავაზოს, რაც თავის მხრივ, უსაზღვრო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ხელოვნების უახლესი ისტორიის თვალსაზრისით, მიდგომა, როდესაც აქცენტი გზავნილიდან და კონცეფციიდან სრულიად გააზრებულად გადატანილია ესთეტურობაზე, გარკვეულწილად პროტესტანტულია და ამდენად მნიშვნელოვანი.

„დაახლოებით ერთ სიმაღლეზე" მხატვრის ესთეტიკური ძიებების მანიფესტაციაა, სადაც მორალურ-ეთიკური, სოციალურ­პოლიტიკური თუ ფილოსოფიური კონტექსტი თითქოს უკანა პლანზეა. როგორც მხატვარი ამბობს: „გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა სერიიდან აღებული თითო ნამუშევარი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იქმნებოდა და სადაც აქცენტი ფუნქციიდან საგნის ტრანსცენდეტურობასა და მეტაფიზიკურობაზეა გადატანილი".

გამოფენის კურატორი მაგდა გურული.

გამოფენის გახსნა: 28 ნოემბერი | 18:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 28 ნოემბერი - 10 დეკემბერი, 2019
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11


გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია!

◆ მომდევნო დღეებში გალერეა მუშაობს 10:00-დან 17:30 საათამდე, სამშაბათიდან კვირის ჩათვლით.
შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 12 ლარი;
სტუდენტი, სკოლის მოსწავლე, პენსიონერი - 0.5 ლარი;
საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები - 1 ლარი;
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები - 1 ლარი
6 წლამდე ბავშვებისთვის ვიზიტი თავისუფალია
*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე:biletebi.ge