ხელოვნების მუზეუმის საგანძური

13 თებერვ. 2004 – 13 თებერვ. 2020

ხელოვნების მუზეუმი

ძვირფასო დამთვალიერებლებო!

გაცნობებთ, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურის საგამოფენო დარბაზში მწყობრიდან გამოვიდა ვენტილაცია-კონდიცირების აგრეგატი, რის გამოც დაიხურა საგანძურის ექსპოზიცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის!

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის საგანძურის ფონდი შეიქმნა XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის 20-30-იან წლებში წარმოქმნილ სხვადასხვა საზოგადოებებისა და მუზეუმების ბაზაზე და საქართველოს ეროვნული საგანძურის ძირითად ბირთვს შედგენს.

საგანძურში წარმოდგენილი ექსპონატები უმნიშვნელო გამონაკლისების (სირია-პალესტინური ბრინჯაოს სხმული საცეცხლურები) გარდა, ქართველ ოსტატთა ნახელავია. იგი მოიცავს დიდ ქრონოლოგიურ დიაპაზონს: ადრებრინჯაოს ხანას, ანტიკურ-ელინისტურ და შუა საუკუნეების ყველა პერიოდს, ახალი და უახლესი ხანის ძეგლებს, რომელთა შესრულების ზედა ქრონოლოგიური ზღვარი XX საუკუნის ოციან წლებამდე აღწევს. აქ წარმოდგენილი ყველა ძეგლი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მათი საშემსრულებლო ოსტატობა, მხატვრული გადაწყვეტა და ისტორიული ღირებულება სცილდება საქართველოს ფარგლებს და კუთვნილ ადგილს იმკვიდრებს მსოფლიო კულტურის საგანძურში.

საეტაპო მნიშვნელობისაა: საჩხერის ყორღანში მიკვლეული ოქროსა და ვერცხლის სასაფეთქლე ხვიები (ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახ.); ანტიკურ-ელინისტური პერიოდის - ყაზბეგის, ახალგორის, საჩხერის, საირხის, უფლისციხის, მოდინახეს, რგანის, ჩხარის, სარგვეშის სამარხეული ძეგლები დამუშავების ტექნიკური ხერხებითა და მხატვრული გადაწყვეტით ნათლად მეტყველებენ აღნიშნული პერიოდის საქართველოში ლითონის მხატვრული დამუშავების ადგილობრივ, ღრმა ტრადიციებზე, მაღალ ოსტატობაზე და მჭიდრო კულტურულ კავშირებზე გარე სამყაროსთან. 

ფეოდალური პერიოდის ლითონმქანდაკებლობის მაღალმხატვრული ძეგლები  სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებიდანაა თავმოყრილი. აქ წარმოდგენილი ხატები, ბარძიმები, საკურთხევლის წინ აღსამართავი, საწინამძღვრო, კანკელის, ტრაპეზის, გულსაკიდი-სანაწილე ჯვრები და სხვა საშუალებას გვაძლევენ თვალი გავადევნოთ ქართული ოქრომჭედლობის იმ უწყვეტ ხაზს, რომელიც გაიარა ხელოვნების ამ დარგმა თავისი განვითარების გრძელ და რთულ გზაზე V საუკუნიდან მოყოლებული XX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით. 

ხელოვნების მუზეუმის ძვირფასი ლითონების ფონდში დაცული ოქროზე შესრულიბული ტიხროვანი მინანქრის უნიკალური კოლექცია ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს მსოფლიოში. ამ ექსპოზიციაში 200-ზე მეტი ძეგლია წარმოდგენილი. აქედან 100-ზე მეტი ხახულის კარედზეა დაცული. აქ თავმოყრილი ტიხროვანი მინანქრის ძეგლების ქრონოლოგიური ჩარჩოები VIII - XV სს. ჩარჩოებში თავსდება. ეს ნიმუშები ნათლად ასახავენ ხელოვნების ამ დარგის განვითარების საერთო ხაზს საქართველოში. 

ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა X საუკუნის მიწურულის სპილოს ძვალზე კვეთილობის ისეთ გამორჩეულ ძეგლებს, როგორებიცაა ოქონისა და ნიკორწმიდის გულსაკიდი-კარედი ხატები.