ძველი და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნება

04 იანვარი 2010 – 28 თებერვ. 2010

ხელოვნების მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს საპატრიარქო წარმოგიდგენთ გამოფენას "ძველი და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნება".
გამოფენა ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. 4 იანვარი მისი უწმინდესობის და უნეტარესობისდაბადების დღეა.
გამოფენის მიზანია ერთ საგამოფენო სივრცეში წარმოადგინოს შუა საუკუნეებისა და XX-XXI სს-ის საეკლესიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნამუშევრები _ ფერწერული და ჭედური ხატები, ქვაზე და ხეზე კვეთილობის, ნაქარგობისა და ტიხრული მინანქრის ნიმუშები.

გამოფენაზე ფართო საზოგადოება იხილავს შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნებისა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმების ფონდებში დაცული შუა საუკუნეების ძეგლებს, რომელთა დიდი ნაწილი პირველად იფინება.
თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიცია კი წარმოდგენილი იქნება ეკლესია-მონასტრებში, სახელოსნოებში და კერძო მფლობელთა კოლექციებში შერჩეული საეკლესიო ნივთებით. აქვე გამოიფინება თანამედროვე კედლის მხატვრობის ფოტოებიც.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს საპატრიარქო გამოსცემს შუა საუკუნეებისა და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნების ძეგლთა კატალოგებს.
გამოფენის პარალელურად იგეგმება საგანმანათლებლო საჯარო ლექციების კურსის ჩატარება, რომელსაც წაუძღვებიან სასულიერო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.