გიორგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენა

03 ნოემბერი 2016 – 27 ნოემბერი 2016

ეროვნული გალერეა

2016 წლის 3 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ გიორგი ალექსი-მესხიშვილის საიუბილეო გამოფენის გახსნაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება არსისტის მიერ 50 წლის განმავლობაში სხვადასხვა მედიაში შექმნილი ნამუშევრები.

1967 წელს გიორგი ალექსი-მესხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1975-92 წლებში იყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი. 1996 წლიდან მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჰემფშირის შტატში. ის დორტმუტის კოლეჯის თეატრალური სცენოგრაფიის კურსს უძღვება, რისთვისაც ხელოვნების ფაკულტეტის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო მიიღო.

გიორგი ალექსი-მესხიშვილი სხვადასხვა სახელმწიფო თუ სახელობითი ჯილდოს მფლობელია. მთელი შემოქმედებითი გზის მანძილზე მიღებული აქვს: საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია (,,კავკასიური ცარცის წრე", 1975წ.); სახალხო მხატვრის წოდება (1981წ.); იგი თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო მხატვარი და რუსეთის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრია.

გიორგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები მსოფლიოს თეატრების წამყვან სცენებზე იყო წარმოდგენილი. 1999 წელს ის მონაწილეობდა ვენეციის ბიენალეში, ხოლო 2011 წელს, სხვადასხვა თემატიკის ინსტალაციებით, პრაღის კვადრიენალეზე საქართველოს წარმოადგენდა. მხატვრის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს მრავალ გალერეასა თუ კერძო კოლექციაში.

გიორგი ალექსი-მესხიშვილი კვლავაც განაგრძობს მუშაობას მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე.

გამოფენა 2016 წლის 28 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზ. 11

 

ბიოგრაფია

გიორგი ალექსი-მესხიშვილის სცენოგრაფიები 1985-87 წლების საუკეთესო ნამუშევრებად აღიარეს; ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე “დონ-ჟუანი” კრიტიკის პრემიით დაჯილდოვდა (1988წ.); სერგო ფარაჯანოვის ფილმ “აშიკ-ქერიბის” მხატვრობისათვის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ევროპის კინოკრიტიკოსთა მთავარი ჯილდო “ფელიქსი” მიენიჭა (1989წ.); ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე “ზაფხულის ღამის სიზმარი” საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს (1994წ.); ელენ ჰეისის პრემიით დაჯილდოვდა და წლის საუკეთესო ნამუშევრად იქნა აღიარებული სპექტაკლი “ჰამლეტი – დანარჩენი სიჩუმეა”, რომელიც დაიდგა ვაშინგტონის სინეტიკ-თეატრში (2003წ.); ამავე თეატრში დადგმული “სტუმარ-მასპინძელი” კი ათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს; ლონდონში, რივერსაიდ-სტუდიაში განხორციელებული “ჰამლეტი” მსოფლიოს საუკეთესო დადგმების რიცხვში შევიდა; 2007 წელს მხატვარი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემიით იქნა დაჯილდოვებული.

გიორგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები მსოფლიოს თეატრების წამყვან სცენებზე იყო წარმოდგენილი. ეს თეატრებია: ბავარიის სახელმწიფო ოპერა (მიუნხენი), შაუშპილჰაუზი (დიუსელდორფი); “Et Cetera” (მოსკოვი); ფინეთის ნაციონალური თეატრი (ჰელსინკი), ჰაბიმას ნაციონალური თეატრი (თელ-ავივი), მარინსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი (სანქტ-პეტერბურგი), კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი (თბილისი), მეტროპოლიტან-ოპერა (ნიუ-იორკი), მოსკოვის სამხატვრო თეატრი, ოპერას ნაციონალური თეატრი (ბორდო), შექსპირის თეატრი (ვაშინგტონი), თეატრი კომუნალე (ბოლონია), ლა ფენიჩე (ვენეცია), სან-მარტინის თეატრი (ბუენოს-აირესი), თეატრ-დე-შატლე (პარიზი), მ. თუმანიშვილის სახელობის თეატრი (თბილისი), დიდი დრამატული თეატრი (სანქტ-პეტერბურგი), სინეტიკ-თეატრი (ვაშინგტონი), რიჩარდ ფიშერის ხელოვნების ცენტრი (ბარდის კოლეჯი, აშშ), პუშკინის სახელობის თეატრი (მოსკოვი), ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი, დიდი თეატრი (მოსკოვი) და ა.შ.