მუზეუმის კვირეული: მარინისტული პეიზაჟი

20 მაისი 2016 – 01 სექტემბ. 2016

სიღნაღის მუზეუმი

2016 წლის 20 მაისს 13:00 საათზე მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, გიწვევთ სიღნაღის მუზეუმში გამოფენის „მარინისტული პეიზაჟი" გახსნაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საცავებში დაცული XVI-XX საუკუნეების მარინისტული პეიზაჟის ევროპული, რუსული, ქართული ფერწერისა და გრაფიკის საუკეთესო ნიმუშები. მათგან უძველესი ფლამანდრიელ მხატვარ პიტერ სხოუბრუკს (1570-1607) ეკუთვნის. ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლუდოლფ ბაკჰეიზენის, კლოდ ლორენის, ჟან ანტუან თეოდორ გიუდენის, ივანე აივაზოვსკის, ალექსანდრე ბოგოლიუბოვის, ბორის ფიგელისა და ვალერიან სიდამონ ერისთავის ნამუშევრები.

მარინა - პეიზაჟური ხელოვნების ერთ-ერთი სახეობა, შთაგონებას ზღვების, ტბების, მდინარეების შესართავების ხედებიდან იღებს. მარინისტული ჟანრი საუკუნეების მანძილზე სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას განიცდის. ყოველი მხატვარი წინ წამოსწევს თავისი დროის მსოფლმხედველობრივ იდეას. მუზეუმში დაცული ნამუშევრები ამ თემის თვალსაჩინო სურათს იძლევა. 

მარინისტული პეიზაჟი სხვადასხვა იდეას გამოხატავს - ის შეიძლება იყოს სამშობლოს ძლიერებისა და გამარჯვების, მარტოობისა და ბედისწერის, ხანაც კი ბედნიერების სიმბოლო. სახვითი მოტივების სწორედ ეს განსხვავებული ინტერპრეტაციები ქმნის მარინისტული პეიზაჟის მდიდარ და მრავალფეროვან არქივს.

2010-2011 წლებში,  გამოფენას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა, წელს გამოფენა „მარინისტული პეიზაჟი" სიღნაღის მუზეუმში გაუღებს კარს დამთვალიერებელს.

მისამართი:  შოთა რუსთაველის ჩიხი 8, სიღნაღი.