მუზეუმის კვირეული: „ქეთევან მაღალაშვილი 120“

17 მაისი 2016 – 22 ივნისი 2016

ეროვნული გალერეა

2016 წლის 17 მაისიდან მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გიწვევთ ქართული მხატვრობის გამორჩეული წარმომადგენლის ქეთევან მაღალაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენასა და წიგნის პრეზენტაციაზე ,,ქეთევან მაღალაშვილი 120".       

ქეთევან მაღალაშვილის როლი მნიშვნელოვანია, როგორც ქართული პორტრეტული ხელოვნების, ასევე, მთლიანად ახალი დროის ქართული კულტურის ჩამოყალიბებაში. მხატვარმა ფაქტობრივად შექმნა ქართული სახელოვნებო და მეცნიერული ელიტის სახვითი მატიანე.

აღნიშნული გამოფენა მიზნად ისახავს, ქეთევან მაღალაშვილის შემოქმედების ერთიანი, კომპლექსური, რეტროსპექტული სურათის წარმოდგენას ფართო საზოგადოებისათვის - საქართველოს მუზეუმების ფონდებში  და კერძო კოლექციებში დაცული მრავალფეროვანი მასალის საფუძველზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი 70-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, რომელთა ნაწილიც საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება. ასევე, გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ ქეთევან მაღალაშვილის მიერ, გასული საუკუნის 20-იან წლებში შესრულებული, დავით გარეჯის X-XII საუკუნეების ფრესკის - ,,საიდუმლო სერობა" ასლი. გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა მხატვრის ცხოვრების ამსახველ უნიკალურ დოკუმენტებს -  წერილები, პირადი ნივთები, ფოტოსურათები. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საარქივო მასალიდან წარმოდგენილი იქნება მხატვრის ღია ბარათები, წერილები, ადრეული პერიოდის ფანქრით შესრულებული ჩანახატები და სხვა.

ქეთევან მაღალაშვილის საიუბილეო გამოფენის ფარგლებში შედგება ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) მონოგრაფიის ,,ქეთევან მაღალაშვილი 120" პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. მონოგრაფიის ავტორია ხელოვნებათმცოდნე ნანა მირცხულავა.

ქეთევან მაღალაშვილის გამოფენა 2016 წლის 22 ივნისამდე გაგრძელდება.  

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11. 

***

საქართველოს სახალხო მხატვარი, ქეთევან მაღალაშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში, 1894 წლის 19 აპრილს. იგი სწავლობდა თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიაში, ნატიფ ხელოვნებათა ხელისშემწყობი საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში. მოგვიანებით - მოსკოვის ფერწერის, მქანდაკებლობის და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში. რუსეთში განვითარებული რევოლუციური  მოვლენების გამო, მხატვარმა სრული კურსი ვერ დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდება, სადაც  ეროვნულ სამხატვრო გალერეის ბიბლიოთეკაში მუშაობის პარალელურად დამოუკიდებელი შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო.

1920 წელს, ,,ქართველ ხელოვანთა საზოგადოების" შუამდგომლობით, მთავრობის სტიპენდიით, ქეთევან მაღალაშვილი ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე და ელენე ახვლედიანი სასწავლებლად  საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. 1923 წლიდან მხატვარი გერმანიაში, შემდეგ კი პარიზში მუშაობს მხატვრული ხედვის ჩამოყალიბებაზე.

1926 წელს ქეთევან მაღალაშვილი თბილისში ბრუნდება და მეტეხის ხელოვნების მუზეუმში რესტავრატორად იწყებს მუშაობას. მხატვარი მონაწილეობს ქართველ ხელოვანთა საზოგადოების მიერ მოწყობილ, შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის შემსწავლელ ექსპედიციებში, რომელსაც საფუძველი ექვთიმე თაყაიშვილმა ჩაუყარა.

1937 წელს ქეთევან მაღალაშვილი მუზეუმიდან მოდის და დროს მთლიანად თავის შემოქმედებას უთმობს - აქტიურ მონაწილეობას იღებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საკავშირო და საზღვარგარეთ მოწყობილ  გამოფენებში (საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი).

ქეთევან მაღალაშვილი 1973 წლის 30 მაისს გარდაიცვალა.