სიცოცხლის ხე

20 აპრილი 2016 – 01 მაისი 2016

ხელოვნების მუზეუმი

2016 წლის 20 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ისრაელის საელჩო საქართველოში გიწვევთ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში კანონიკური ტექსტების ილუსტრაციების გამოფენის გახსნაზე - ,,სიცოცხლის ხე".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ისრაელის ვიზუალური არტ-სტუდიის "Alma Denura" მხატვრების დავით ხანანაშვილის, ელენა ნემცოვას, ნატალია კულიკოვას, ალექსანდრე ენენკოს და ანიმატორების რომან ბუტმანისა და ვადიმ მესკინის მიერ შესრულებული 60-მდე კანონიკური ილუსტრაცია და მხატვრული კალიგრაფიის ნიმუშები.

გამოფენის კონცეფცია ეყრდნობა ებრაულ ინტერპრეტაციას, რომლის მიხედვითაც ,,სიცოცხლის ხე" (რომელზეც საუბარია სოლომონის იგავებში) თორის სიმბოლოა. მხატვრების მთავარი მოტივი კანონიკური ტექსტების კოლექტიური შესწავლა და მათი ილუსტრირებაა. თითოეული ნამუშევარი მრავალსაუკუნოვანი გამოყენების ტრადიციული მასალებით - პერგამენტი, ოქროს ფირფიტა, მელანი, გუაში არის შექმნილი და შეიცავს უნიკალურ გრაფიკულ სტილს.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ანიმაცია ,,ჰაი", რომლისთვისაც დავით ხანანაშვილმა და რომან ბუტმანმა შექმნეს ებრაული კალიგრაფიის 18 კანონიკური ვერსია - უძველესი ბაბილონის დამწერლობიდან უახლესი ებრაული შრიფტების ჩათვლით. ციფრი 18 შემთხვევითი არ არის, ეს გემატრიაა (სიტყვისა ან ფრაზისთვის რიცხობრივი მნიშვნელობის მინიჭება) ბიბლიური სიტყვისა חי, რაც სიცოცხლეს ნიშნავს.

ავტორებმა გამოფენა სიმბოლურად დაუკავშირეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ებრაულ დღესასწაულს, პასექს.

გამოფენა 2016 წლის 10 მაისამდე გაგრძელდება.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.