დაბრუნებული შედევრები

17 დეკემბერი 2005 – 01 თებერვ. 2006

ხელოვნების მუზეუმი

2005 წლის 18 დეკემბერს 15.00 საათი  საქართველოს ეროვნულ მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება გამოფენა "დაბრუნებული შედევრები"

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გერმანელი მხატვრის ლუკას კრანახის (1472-1553) "მაჭანკალი" და ჰოლანდიური მხატვრის იაკობ ვან რეისდალის (1628-1682) "პეიზაჟი ჩანჩქერით", რომლებიც 1994 წელს შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, მუზეუმის ექსპოზიციიდან გაიტაცეს.

ათწლიანი ძიების შემდეგ საქართველოს შსს სამინისტროს ძალისხმევით გატაცებული შედევრები მნიშვნელოვანი დაზიანებებით დაუბრუნდა მუზეუმს 2004 წლის 10 მაისს.

2005 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროსა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს, ინიციატივით, ლუკას კრანახის "მაჭანკალი" და იაკობ ვან რეისდალის "პეიზაჟი ჩანჩქერით" სარესტავრაციოდ გაიგზავნა ქ. ჰამბურგში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჰამბურგის ,,Kunsthalle"-ს დირექტორის ბატონი უვე შნეედეს მხარდაჭერითა და "RAVE"-ს სტიპენდიის საშუალებით შესაძლებელი გახდა ნამუშევრების რესტავრირება. სამუშაო მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულდა ქართველი და გერმანელი რესტავრატორების მიერ.

სპეციალურად გამოფენისათვის მომზადდა ფართომაშტაბიანი საგანმანათლებლო პროგრამა.

მისამართი: ლ. გუდიაშვილის ქ. #1.