დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების გამოფენა

26 სექტემბ. 2014 – 18 ოქტომბ. 2014

ეროვნული გალერეა

26 სექტემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა გიწვევთ ქართველი ფოტოგრაფისა და კოლექციონერის დიმიტრი ერმაკოვის (1846-1916) ნამუშევრების გამოფენაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილ იქნება ავტორის მიერ მოგზაურობის დროს გადაღებული პორტრეტები, ყოველდღიური ყოფის ამსახველი სიუჟეტები, ქალაქების არქიტექტურა და ინფრასტრუქტურა. გარდა ფოტოებისა ექსპონირებულ იქნება ავტორის პირადი ფოტოაპარატები და ფოტო-ალბომები.

დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექცია ჩვენამდე სრულად მოღწეული იშვიათი ფოტოკოლექციათაგანია, რაც მას ისტორიულ და ესთეტიურ ღირებულებას მატებს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებში, სახელოვანი ფოტოგრაფის, 25819 ცალკეული ანაბეჭდი, 15536 მინის ნეგატივი და 119 ფოტოალბომია დაცული. ამ უნიკალური კოლეციის რესტავრაცია, კონსერვაცია და ინვენტარიზაცია, 1999-2010 წლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და  ნიდერლანდების ფოტომუზეუმის  თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მხარდამჭერი საერთაშორისო ფონდ ჰორიზონტი გახლდათ.

ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიამოვნებით წარუდგენს ქართულ საზოგადოებასა და მსოფლიოს ამ უნიკალური კოლექციის ნაწილს, რომელსაც 2014 წელს ნიდერლანდების ფოტომუზეუმი მასპინძლობდა, დღეს კი ეროვნული გალერეა წარუდგენს დამთვალიერებელს.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზ. 11.