მექსიკის ხელოვნება: აღქმის მრავალფეროვნება

28 თებერვ. 2014 – 02 მაისი 2014

ეროვნული გალერეა

2014 წლის 28 თებერვალს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ გამოფენაზე სახელწოდებით „მექსიკის ხელოვნება: აღქმის მრავალფეროვნება".

გამოფენა ქართველ დამთვალიერებელს პირველად აძლევს საშუალებას  ეზიაროს მექსიკურ შემოქმედებას. საექსპოზიციოდ წარმოდგენილია მექსიკის ფინანსთა და სახალხო კრედიტის სამინისტროს (SHCP) კოლექციის ყველაზე აღიარებული და ცნობილი ხელოვანების 54 ნამუშევარი. ავტორთა შორის არიან დიეგო რივერა, რუფინო ტამაიო, ფრანცისკო ტოლედო და სხვა. ნამუშევრების  უმეტესობა შექმნილია  უკანასკნელ სამ ათწლეულში.

ექსპოზიცია მოიცავს  მექსიკის ხელოვნების XX და XI საუკუნეების ისეთ უმნიშვნელოვანეს მიმდინარეობებს, როგორიცაა ,,მექსიკის ხატვისა და ქანდაკების სკოლა",  „რაფჩა" (Rapture), ნეომექსიკანიზმი და სხვ.

გამოფენის მიზანია წარმოაჩინოს, თუ როგორ გამოდის საერთაშორისო ასპარეზზე თანამედროვე მექსიკური ხელოვნება თავისი განსაკუთრებული შემოქმედებითი გადაწყვეტებით. დამთვალიერებლები გაეცნობიან მექსიკური და ლათინო-ამერიკული ხელოვნების ტენდენციებს.

გამოფენის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მექსიკის საელჩო თურქეთში, მექსიკის საპატიო საკონსულო საქართველოში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მექსიკის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (AMEXCID), მექსიკის ფინანსთა და სახალხო კრედიტის სამინისტრო.

ფინანსური მხარდამჭერი ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია". 


ექსპოზიცია გასტანს 2014 წლის 2 მაისამდე.


მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღის მხრიდან).