გივი თოიძის საიუბილეო გამოფენა

08 ოქტომბ. 2013 – 03 ნოემბერი 2013

ხელოვნების მუზეუმი

2013 წლის  8 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ გივი თოიძის საიუბილეო გამოფენის გახსნაზე.

გივი თოიძე ქართველ მხატვართა იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც აქტიურად გამოვიდა სახვითი ხელოვნების ასპარეზზე XX საუკუნის 60-იან წლებში. ხელოვნების სამყაროს, ავტორი თავისი ბაბუის, დიდი ქართველი მხატვრის, მოსე თოიძის სახელოსნოში ეზიარა.  გივი თოიძის შემოქმედება საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ძველი თბილისისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების პეიზაჟებს მოიცავს. აგრეთვე მის ნამუშევრებს შორის ვხვდებით ნატურმორტებს, პორტრეტებს, ჟანრულ სურათებსა და მრავალფიგურიან კომპოზიციებს.

გივი თოიძეს მინიჭებული აქვს არაერთი პრემია, არის თბილისის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი. ავტორის ნამუშევრები დაცულია ისეთ ცნობილ მუზეუმებში, როგორიცაა: ტრეტიაკოვის გალერეა (რუსეთი), აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმი (რუსეთი), პიტერ ლუდვიგის გალერეა (გერმანია) და სხვა მრავალი ქვეყნის მუზეუმსა და გალერეაში. მისი ნახატები ინახება ჯორჯ ბუშის, ჟაკ შირაკის და სხვა ცნობილ ადამიანთა კერძო კოლექციებში.

გამოფენა გაგრძელდება 2013 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ.1.