დავით გაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა

20 ივნისი 2012 – 31 აგვისტო 2012

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, 2012 წლის, 20 ივნისს 17:00 საათზე წარმოგიდგენთ მეოცე საუკუნის ცნობილი ქართველი მხატვრის, კლასიკოსის - დავით გაბაშვილის ნამუშევართა გამოფენას (1914 -1995). 

დავით გაბაშვილი 1914 წელს თბილისში დაიბადა, 1939 წელს თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა, იყო იოსებ შარლემანის, სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებლის მოწაფე, გაიარა სკოლა, რომელიც ზუსტად მიესადაგა მის სტილს. მუშაობდა სახელმწიფო გამომცემლობებში, მუზეუმში, კინოსტუდიაში და ამასთანავე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო ხატვის კათედრის გამგე.

დუდა გაბაშვილის, კლასიკოსი მხატვრის შემოქმედება ვრცელია, მოიცავს 60 წელს და ხასიათდება  იშვიათი მრავალფეროვნებით. ითვლება, რომ მისი მხატვრობა ერთგვარი გარდამავალი და დამაკავშირებელი ეტაპია  მეოცე საუკუნის პირველ და მეორე ნახევარს შორის. მხატვარს ჰქონდა გამოფენები საქართველოში, ინგლისში, გერმანიასა და რუსეთში.

დუდა გაბაშვილის შემოქმედება დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, როგორც ეპოქის ხელოვნების მიღწევათა ნათელი მაგალითი. მისი სახელი შესულია საუკეთესო საბჭოთა მხატვართა ასეულში.

გამოფენაზე წარმოდგენილი მხატვრის ოჯახის კერძო კოლექციაში დაცული 100-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, აგრეთვე ქანდაკება.

გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის . #8.