ნიკო ფიროსმანაშვილი (ფიროსმანი) სიღნაღის მუზეუმში

19 აპრილი 2012 – 01 ოქტომბ. 2022

სიღნაღის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმის ერთი საგამოფენო დარბაზი XIX-XX საუკუნის მიჯნის თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანის) შემოქმედებას ეთმობა.

ექსპოზიციაში ჩართულია მხატვრის 13 მხატვრული ნაწარმოები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. გამოფენილია სხვადასხვა ჟანრის ისეთი ცნობილი ნამუშევრები, როგორიცაა „რთველი“, „სააღდგომო ბატკანი“, „ქეიფი ვაზის ტალავერში“, „ქალი ყვავილებით და ქოლგით“, „გლეხის კარ-მიდამო“ და სხვა.

ნიკო ფიროსმანაშვილს (1862-1918) განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში. მხატვარმა, რომელსაც  არსად  უსწავლია, შექმნა მხატვრობა, ჭეშმარიტად თვითმყოფადი, ერთდროულად ეროვნულიც და თანამედროვეც.

ნიკო ფიროსმანაშვილი კახეთში, სოფელ მირზაანში დაიბადა. იგი ადრე დაობლდა და დაახლოებით 8-10 წლის ასაკიდან თბილისში იზრდებოდა. სავარაუდოდ, 22 წლის ასაკში ნიკო ფიროსმანაშვილი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. ცხოვრების ბოლო 20-25 წელი კი მისი ძირითადი საქმიანობა და, როგორც ჩანს, ცხოვრების აზრიც მხატვრობაა. ძველი თბილისი, მედუქნეები, ხელოსნები - ასეთია ფიროსმანის ყოველღიურობა. აქვე ჩნდება პირველი დაკვეთებიც. თავდაპირველად, მოთხოვნა სარეკლამო აბრებზეა, თანდათან კი მხატვრის სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრებით მშვენდება დუქნები და სამიკიტნოები...

დღეს ნიკო ფიროსმანაშვილი საყოველთაოდაა აღიარებული და მის ნამუშევრებს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები მასპინძლობენ.

მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შ. რუსთაველის ჩიხი 8, სიღნაღი