"მეფე ერეკლე - საქართველოს უკანასკნელი ლომი"

24 სექტემბ. 2022 – 16 ოქტომბ. 2022

ეროვნული გალერეა

დიმიტრი შევარდანაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართლ-კახეთის სახელოვანი მეფისადმი მიძღვნილი გამოფენა სახელწოდებით: "მეფე ერეკლე - საქართველოს უკანასკნელი ლომი" გაიხსნება. 
ექსპოზიციაში ქართველი მონარქისადმი მიძღვნილი უნიკალური ნივთები იქნება წარმოდეგნილი. მათ შორის აღსანიშნავია: ერეკლეს გულსაკიდი ხატი, თოფები და ხმლები, მეფის ხალათი, საბეჭდავები, ხელნაწერები და წიგნები. 
ექსპოზიციაზე დიდი ადგილი ეთმობა ერეკლე მეფის საბრძოლო წარმატებებს, ამ მხრივ აღსანიშნავია იმ პერიოდის საქართველოში ჩამოსხმული ზარბაზნები, გამოჩენილი ქართველი მხატვრების ტილოები მიძღვნილი ასპინძისა და კრწანისის ბრძოლებისადმი. 
გამოფენაზე საგანგებოდაა ექსპონირებული ისეთი ძვირფასი მემორიალური ნივთები როგორებიცაა: მეფე ერეკლეს მიერ სვეტიცხოვლის ტაძრისადმი შეწირული საეკლესიო ნივთები, დედოფალ დარეჯან დადიანის ზურმუხტის საყურეები, თეკლე ბატონიშვილის ოქროსა და ვერცხლის ქამრები, გიორგი XII-ის ნეფრიტის საბეჭდავი. 
საექსპოზიციო დარბაზში დამთვალიერებელი იხილავს საქართველოს სამეფო და საკათალიკოსო ტახტებსაც. გამოფენა წარმოადგენს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის, ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის, საქართველოს ეროვნული არქივისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ურთიერთანამშრომლობის შედეგს. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატების ნაწილი ფართო დამთვალიერებლის წინაშე პირველად იქნება გამოფენილი.
გამოფენა გაიხსნება 24 სექტემბრის 16:00 საათზე დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში და 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.