მამუკა ჯაფარიძის ნატურმორტები, Still Life - After Life

10 აგვისტო 2022 – 10 ოქტომბ. 2022

ეროვნული გალერეა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის კაფეში, მამუკა ჯაფარიძის წელიწადის დროების მიხედვით შექმნილი სეზონური ნატურმორტების გამოფენა იხსნება, სახელწოდებით Still Life – After Life. 

წელიწადის ყოველ დროს, მხატვარი ერთი და იგივე ხის მაგიდაზე აწყობს შესაბამისი პერიოდის ხილს, კენკრას, მცენარეებს, ჭურჭელს და მათ ფოტოებს სოციალურ მედიაში აქვეყნებს. მაგიდა უცვლელია. ნატურმორტების ელემენტები კი წელიწადის დროების მიხედვით იცვლება. მხატვრის იდეით, ნატურმორტები დაკავშირებული უნდა იყოს ბუნებასთან და სეზონების მახასიათებელ ფერთა გამას გადმოსცემდეს. ნატურმორტების ფოტოებისა და მზის ამოსვლის LIVE ვიდეობის მეშვეობით, მხატვარი ბუნების ცვალებადობასა და ციკლურობას აკვირდება და, თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, ფერებისა და სინათლის ეფემერულობას მყარ მასალაზე აღბეჭდავს. ურბანიზაციისა და გლობალური დათბობის ხანაში, ნატურმორტები ბუნების მიმართ მხატვრის ნოსტალგიურ განწყობას გამოხატავს.

ნატურმორტების ქსოვილზე დაბეჭდილი ფოტოები საქართველოს ეროვნული გალერეის კაფეში გამოიფინება და მხატვრის მამის, მოქანდაკე ჯემალ ჯაფარიძის პირველ რეტროსპექტიულ გამოფენას ემთხვევა.

გამოფენის გახსნა: 10 აგვისტო 11:00

დასასრული: 10 ოქტომბერი 18:00

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, II სართული, გალერეის კაფე. შოთა რუსთაველის გამზირი 11

თბილისი, 0108 Georgia