მანანა თუმანიშვილის გამოფენა

21 იანვარი 2023 – 04 თებერვ. 2023

ეროვნული გალერეა

2023 წლის 21 იანვარი - 4 თებერვალი 

გამოფენის გახსნა: 21 იანვარი 16:00 

მანანა თუმანიშვილის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული 70-მდე ნამუშევარი. 

მანანა თუმანიშვილის ფერწერას გამოარჩევს ფერის განსაკუთრებული გრძნობა, ემოციურობა. იგი გამომსახველობითი საშულებების მუდმივ ძიებაშია და არ ერიდება უკვე ნაცად მხატვრულ მასალას დაუკავშიროს ახალი ხერხები.    აკვარელთან ერთად იყენებს შერეულ ტექნიკას. სხვადასხვა საღებავითა და ტექნიკით (აკრილი, პასტელი, გუაში, ტუში, მონოტიპია), აძლიერებს ცოცხალი სხეულის რბილსა თუ მკვრივ ფორმებს. ზოგჯერ აკვარელის გამჭვირვალება პასტოზურობითაა შეცვლილი. ჩამუქებული სიღრმეებიდან გამოკრთის ფერადოვანი ლაქებით აჟღერებული ფიგურები, თუ საგანთა ფორმები. 

მანანა თუმანიშვილი თავის ნიჭს, ცოდნასა და გამოცდილებას 1966 წლიდან უშურველად გადასცემდა ახალ თაობას: თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ასწავლიდა ხელოვნების ისტორიას;  დამწყებ მხატვრებს კი უზიარებდა აკვარელის რთული ტექნიკით მუშაობის გამოცდილებას. 1968 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში გამართულ გამოფენებში. 

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის - „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საიუბილეო წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“ - ფარგლებში გამოიცა მანანა თუმანიშვილის ალბომი.