ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია 2021-2022 ნაწილი III

09 დეკემბერი 2022 – 09 თებერვ. 2023

სიღნაღის მუზეუმი

2022 წლის 9 დეკემბერს 13:00 სთ-ზე სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იხსნება გამოფენა „ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია  2021-2022  ნაწილი III“.

გამოიფინება ალექსანდრე ბერდიშევის,ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანის, ბესიკ არბოლიშვილის, გელა ზაუტაშვილის,გიორგი მირზაშვილის, გია ხუციშვილის, დავით ალექსიძის, დათო სულაკაურის, ეკატერინე გელოვანის, ზაზა ბერძენიშვილის, ზურა აფხაზის, ზურაბ გიკაშვილის, თამუნა მელიქიშვილის, თემურ თათანაშვილის,  კახა ტატიშვილის, კოკა ცხვედიანის, ლევან მარგიანის, ლევან ჭიჭინაძის,ლევან ჭოღოშვილის, ლევან ხარანაულის, ლეილა შელიას, მალხაზ დათუკიშვილის, მამუკა მიქელაძის, ნუგზარ ნათენაძის,  ტატო ახალკაციშვილის,  ქეთევან მატაბელის, ყარამან ქუთათელაძის ნამუშევრები.

პროექტის ხელმძღვანელია ალექსანდრა გაბუნია.  

შალვა  ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის შევსება ახალშეძენილი ნამუშევრებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ არაერთი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ 2021-2022 წლებში შეძლო. ეს გახლავთ 116 ქართველი მხატვრის ნამუშევარი, რომელსაც მუზეუმი მანამდე არ ფლობდა ან არასაკმარისად იყო წარმოდგენილი.მისი შესყიდვა, როგორც უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებისა, გადაუდებელი  იყო, რადგან  შესაძლოა, ისინი  ქვეყნიდან გასულიყო. ახალი კოლექცია წარმოაჩენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების შთამბეჭდავ სურათს. შეძენილია 1950-1970-იანელ მხატვართა გრაფიკის ახალი კოლექცია. ნამუშევრების შესაძენად არჩევანი შეჩერდა მხატვრებზე, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს ეროვნული გრაფიკული ხელოვნების განვითარებაში. კოლექციაში მოხვდა სიღნაღის მუზეუმში გამართულ ნონკონფორმისტ მხატვართა პირველი ჯგუფური გამოფენიდან შეძენილი ნამუშევრებიც. ასევე შესყიდულ იქნა ვალერიან სიდამონ-ერისთავის დიდი კოლექცია, მათ შორის, ბაქოს ინდუსტრიული ზონის მშენებლობის ამსახავი ფერწერული ტილოები და გრაფიკული ჩანახატები. ამას გარდა, უმნიშვნელოვანესი იყო ე.წ. 1980-1990-იანელთა თაობის მხატვართა ფერწერული სურათების შესყიდვა. უკვე 2022 წელს შესაძლებელი გახდა სერგო ქობულაძის ნამუშევრის შეძენა. 2022 წლის დასასრულს კი შეძენილ იქნა: ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის, ფელიქს ვარლამიშვილისა და კირილე ზდანევიჩის ნამუშევრებიც. 

ახალ კოლექციაში ასევე მოხვდა იმ ავტორთა საჩუქრად გადმოცემული სურათები, რომელთა გამოფენები გაიმართა 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე ეროვნულ გალერეაში. 

ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექციის ექსპონირება  ეტაპობრივად ხდება. პირველი ორი გამოფენა გაიმართა ეროვნულ გალერეასა და სიღნაღის მუზეუმში 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში.    გამოფენათა ციკლი გაგრძელდება. 

გამოფენის გახსნა: 9 დეკემბერი, 2022 | 13:00 

გამოფენის ხანგრძლივობა: 9 დეკემბერი - 9 თებერვალი, 2022 

მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8,  სიღნაღი, საქართველო