ინდივიდუალურად კოლექტიური

03 ოქტომბ. 2022 – 03 დეკემბერი 2022

სიღნაღის მუზეუმი

გამოფენის თემაა ისრაელის თანამედროვე ხელოვნება, რომელსაც წარმოგვიდგენს ისრაელელ მხატვართა ჯგუფური გაერთიანება „ახალი ბარბიზონი“ (NEW BARBIZON).

„ახალი ბარბიზონი“  წარმატებულ შემოქმედთა  -  ოლგა კუნდინას, ანა ლუკაჩევსკის,  მარია პომიანსკისა და ნატალია ზურაბოვას   სამხატვრო გაერთიანებაა.  მისი  ყველა წევრი    საბჭოთა  კავშირში  დაიბადა   და განათლებაც იქ მიიღო,  2011 წლიდან დღემდე კი ისინი ისრაელში მოღვაწეობენ. თავიანთი შემოქმედებით არტისტები ეხმიანებიან XIX   საუკუნის ფრანგულ რეალიზმს –ე. წ.    ბარბიზონის სამხატვრო სკოლას, თუმცა, ამ სკოლისთვის ტრადიციულ ხედვაში ინდივიდუალური სტილი და მახასიათებლები შეიტანეს. ტყისა თუ  მინდვრის ნაცვლად  მათ თანამედროვე ქალაქები აირჩიეს; მოლბერტები  დადგეს ქალაქის „ცოცხალ“ წერტილებში და სწორედ აქ დაიწყეს შემოქმედებითი  ცხოვრება, ნანახის  აღწერა და  მათზე დაკვირვება.

„მიმაჩნია, რომ ეს არაა,  უბრალოდ, XIX   საუკუნის ფრანგული მხატვრობის ტრადიციის გაცოცხლება. პოსტმოდერნისტულმა გამოცდილებამ ნათლად გვაჩვენა, თუ როგორ  უნდა აღვიქვათ ტრადიციები სწორად, ციტირებისა თუ ინტერპრეტაციების გვერდაუვლელად.  „ახალმა ბარბიზონმა“, ცხადია, ფრანგი მოდერნისტებისა თუ სხვათა სტილისტური ინტერპრეტირებით დიდად განავითარა  ფერწერის მოდერნისტული ტრადიციები. ამრიგად, ამ ჯგუფის წევრები აღმოჩნდნენ ახალ მხატვრულ რეალობაში, სადაც არტისტთა ცხოვრება და მათივე შემოქმედება ერთმანეთისგან სრულიად განუყოფელი გახდა“,  - მიიჩნევს ნატალია რიზდვენკო. 

გამოფენის კურატორიცა და ჯგუფის წევრებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის რეპატრიანტები არიან. ეს ის თაობაა, რომელმაც ჯერ საბჭოურ  სოციალურ-პოლიტიკურსა და კულტურულ ყოფას ეზიარა, შემდეგ სსრკ-ის დაშლა, ბოლოს,   ემიგრაციაც გამოიარა. ეს რეალობა არც საქართველოსთვისაა უცხო.

რატომაა   ასეთი  მნიშვნელოვანი საერთო გამოცდილება? ეს ასპექტი გამოფენას ახალ პერსპექტივას სძენს, რომელიც როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური აღქმის სიღრმეებს ასახავს. საერთო მეხსიერების, ავტორთა  ბიოგრაფიებისა თუ წარმოშობის გათვალისწინებით,  შესაძლებელია, გამოფენამ  მაყურებელს პირადი რეფლექსია და მოგონებები აღუძრას. კიევი, სანკტ-პეტერბურგი, მოსკოვი და ვილნიუსი – ეს ქალაქები ყოველთვის კულტურის ცენტრებად მიიჩნეოდა და სწორედ აქედან ჩავიდნენ   ამ ჯგუფის მხატვრები ისრაელში.

ამასთან, ეს გამოფენა ზუსტად ასახავს თანამედროვე ისრაელის ხელოვნებას, რომელიც ყოველთვის მრავალფეროვანი და მულტიკულტურული იყო. მხატვართა გაერთიანება  „ახალი ბარბიზონი“   უნიკალური ნიმუშია კოლექტიური ხედვისა  და, იმავდროულად,    მისი თითოეული წევრის შემოქმედებითი ინდივიდუალიზმის შენარჩუნებისა. 

მხატვართა გაერთიანებისა თუ თანამშრომლობის არაერთი ისტორიული პრეცედენტი არსებობდა,  მიუხედავად ამისა,  თანამედროვე ხელოვნებისთვის ეს მაინც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. 

გამოფენის კონცეფცია – ინდივიდუალურად კოლექტიური –მას ორმაგად საინტერესოს ხდის. ყველა მხატვრის ერთ სივრცეში თავმოყრაც არანაკლებ მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ამოცანაა. ეს  ექსპოზიცია ზედმიწევნით წარმოაჩენს თითოეული მხატვრის დიაპაზონს. შესაბამისად, ის   4 ცალკეულ ნაწილადაა დაყოფილი, ამგვარი მიდგომის შედეგად კი ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი საერთო ჰარმონიას ჰპოვებს. 

ურბანული პლენერი და სოციალური ცხოვრების აღწერა „ახალი ბარბიზონის“ არტისტების მთავარი მახასიათებელია. ამიტომ  გამოფენისთვის საქართველოს ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. ექსპოზიციის მიზანიც ესაა – საქართველოსა და ქართველ ვიზიტორებს გააცნოს ისრაელის გამორჩეული და უნიკალური თანამედროვე კულტურა. 

გამოფენის კურატორი  ნატალია რიზდვენკო

თანაკურატორი ლელა წიწუაშვილი 

03.10.22 – 03.12.22