დათო კრაწაშვილის გამოფენა ეროვნულ გალერეაში

06 სექტემბ. 2022 – 24 სექტემბ. 2022

ეროვნული გალერეა

დათო კრაწაშვილს (1963–1980) პატარა გენიოსი შეარქვეს: წერდა, ხატავდა, მღეროდა. 17 წლისა გარდაიცვალა. „გასვენების დღეს იქნება წვიმა, წვიმის წვეთებიც დამიტირებენ, დამასვენებენ თბილისის მიღმა და, ალბათ, სამუდამოდ, დამივიწყებენ…“ დათოს ამ სტრიქონებში ჩანს, რომ იგი თავის ნაადრევ გარდაცვალებას წინასწარმეტყველებდა. დათო კრაწაშვილმა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო ათწლედი დაამთავრა ფორტეპიანოს განხრით. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის განყოფილებაზე. 1979 წელს თბილისის ხელოვნების მუშაკთა სახლში მოწყობილ ჯგუფურ გამოფენაზე დათო დაჯილდოვდა სიგელითა და პრიზით „ვენერა” საუკეთესო კომპოზიციისათვის „წვიმიანი დღე”. ეს მისი პირველი და სიცოცხლეში ერთადერთი აღიარება იყო. 

დათომ დატოვა 1000-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, 35 ლექსი და 10-მდე დღიური. სამწუხაროდ, არ შემორჩენილა მისი მუსიკალური იმპროვიზაციები. დათოს პირველი პერსონალური გამოფენა მისი გარდაცვალების შემდეგ, 1981 წელს მოეწყო შავნაბადაზე ახალგაზრდული ქალაქის საგამოფენო დარბაზ „ფიროსმანში,“ რასაც მოჰყვა საქართველოსა თუ უცხოეთის სხვადასხვა ქალაქში გამართული პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენები კინოთეატრ „თბილისის” საგამოფენო დარბაზში (მოსკოვი. 1982), ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სამხატვრო გალერეაში (თბილისი. 1982), სანკტ- პეტერბურგში, სტუდენტთა და ახალგაზრდობის მე-12 მსოფლიო ფესტივალზე მოსკოვში ( 1985) და საერთაშორისო ფესტივალზე „მშვიდობის დროშა” ბულგარეთში (1988). 2000-იანი წლების დასაწყისში, თი-ბი-სი ბანკის საექსპოზიციო დარბაზში დათოს 72 ტილო ნამუშევარი გამოიფინა (თბილისი. 2007), სიღნაღში კი - 65 ნამუშევარი (სიღნაღის ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმი. 2009). 

17 წლის მხატვრის შემოქმედებითი ნიჭის პატივისცემის ნიშნად, აშშ-ის სმითსონის საერთაშორისო ასტრონომიულმა ცენტრმა 1988 წელს, 3146 ნომრით ცნობილ პლანეტას „დათო” უწოდა. „ეს ბიჭი გენიოსი იყო და მადლობა შევწიროთ ღმერთს, რომ დათომ თავისი გენიის ნაწილი დაგვიტოვა”, - წერდა ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე მაქს გეიტორი.

გამოფენა გაგრძელდება 06-24 სექტემბერი.

გახსნა 6 სექტემბრის 16:00 საათზე.