„Where Are We Now? / სად ვართ ახლა?“

06 სექტემბ. 2022 – 24 სექტემბ. 2022

ეროვნული გალერეა

 

2022 წლის 6 სექტემბერის 16:00 სთ-ზე დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მანუჩარ ოქროსცვარიძის სოლო პროექტსWhere Are We Now? / სად ვართ ახლა?“

მანუჩარ ოქროსცვარიძის მულტიმედიური პროექტი იკვლევს ხელოვნების წინააღმდეგობრივსა და რთულ ბუნებას, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ჩაგვრთოს სხვა სუბიექტის განცდასა თუ მდგომარეობაში და გვიბიძგოს თანაგანცდისკენ. განზოგადების, ემოციური გადატანის თუ პროექციის საშუალებით შეგვიყვანოს ემპათიურ მდგომარეობაში და მძაფრად განგვაცდევინოს სხვისი დრამა თუ ფსიქოემოციური მდგომარეობა და, ამავე დროს, დაგვტოვოს ჩვენთვის უსაფრთხო დისტანციაზე. ეს დისტანცია იძლევა საშუალებას, რომ თანაგანცდილმა დრამამ არ დაგვაზიანოს, არამედ ჩვენთვის ესთეტიკურ ღირებულებად ტრანსფორმირდეს. როგორ შეგვიძლია ხელოვნების საშუალებით, ერთი მხრივ, უფრო მძაფრად შევიგრძნოთ და გავაცნობიეროთ რეალობა, ყოფიერება და, მეორე მხრივ, მოვშორდეთ მას, დავიცვათ თავი ყოფიერი თუ სოციალური რუტინისგან? კონკრეტული ბედის განცდიდან გადავინაცვლოთ აბსტრაქტული იდეების განზომილებაში?

ამ კითხვების საპასუხოდ და საკვლევად პროექტი გვთავაზობს სამ სხვადასხვა მდგომარეობას. თითოეული მდგომარეობის გადმოსაცემად ხელოვანი იყენებს სხვადასხვა მედიუმსა და ვიზუალურ ენას. თუკი ერთ შემთხვევაში შემოაქვს ობიექტი, სხვა შემთხვევაში სრულიად აქრობს მას… იქმნება წინააღმდეგობის, ჩართულობის თუ განყენებულობის განცდა;  რთული სამკუთხედი ხელოვანს, ნამუშევარს და მაყურებელს შორის, როგორც სივრცე კითხვებისა და ინტერპრეტაციებისათვის.

გამოფენის ხანგრძლივობა 6 -24 სექტემბერი.