დიმიტრი ხახუტაშვილის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

09 ივლისი 2022 – 06 აგვისტო 2022

ეროვნული გალერეა

დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მხატვარ დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედებას. გამოფენა მხატვრის დაბადებიდან 95 წლისთავს ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის სხვადასხვა პერიოდის 80 ნამუშევარი კერძო კოლექციებიდან და ერთი ფერწერული ტილო შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. 
დიმიტრი ხახუტაშვილი 50-იანელთა თვალსაჩინო წარმომადგენელია,რომელმაც,მიუხედავად საკუთარი წარმატებული კარიერისა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო  აკადემიაში, მოახრეხა და თავი ჩრდილში დაიტოვა, როგორც ხელოვანმა. მისი ხმამაღალი განაცხადის - სადიპლომო ნამუშევრის - სამხატვრო აკადემიის უხუცესი მხატვრები (1953), შემდეგ ძალიან დიდი დროის განმავლობიში, თითქოსდა მიჩუმებულ შემოქმედებით ცხოვრებას ეწეოდა: იყო ძიებაში, მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობდა, არ ცდილობდა პერსონალური გამოფენის მოწყობას. სამაგიეროდ, თითქოს მთელი თავისი ენერგია მიმართული ჰქონდა პედაგოგობისკენ - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა სტუდენტებს...
დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედების სრული სპექტრის წარმოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა  ხელოვნებათმცოდნეებისა და  მხატვრებისთვისაც კი. ათეულობით ფერწერული, გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაციები, ესკიზები - თითქმის უცნობი იყო საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში შესრულებული დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა სერიოზული განაცხადია ქართულ მხატვრობაში. მისი კომპოზიციების გრაფიკულ-სტრუქტურული ორიგინალურობა, კომპლექსური ხედვა ბატალური სცენების შექმნისას, თამამი და ღია ემოციური ხელწერა - წარმოაჩენს დახვეწილი გემოვნებისა და საშემსრულებლო ტექნიკის მქონე, გამორჩეულად მოაზროვნე ხელოვანს, რომელიც მუდმივი ძიებითა და ექსპერიმენტებით იყო გატაცებული და რომლის ნამუშევრებიც დროის გადასახედიდან კიდევ უფრო მეტ ხიბლსა და მნიშვნელობას იძენს.

გამოფენის კურატორი  ლელა წიწუაშვილი
დიზაინერი დავით ჯანიაშვილი
გამოფენის გახსნა :  2022 წლის 9 ივლისს 16:00 საათზე 
გამოფენა  გაგრძელდება 6 აგვისტოს ჩათვლით. 
პროექტის მხარდამჭერია შატო ზეგაანი.