ზურა აფხაზის მულტიმედიური გამოფენა - ქვების ხმაური

12 ივლისი 2022 – 07 აგვისტო 2022

ეროვნული გალერეა

ზურა აფხაზის მულტიმედიური გამოფენა - ქვების ხმაური.

გამოფენა ზურა აფხაზის მიერ ბოლო წლებში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრების კრებულია. ხანგრძლივმა ძიებებმა გამოკვეთა მხატვრის ინდივიდუალური ხედვა, მისი ინტერესების კიდევ უფრო გაღრმავებამ შედეგად მოიტანა მკაფიო, ზურა აფხაზის სტილის დამადასტურებელი შთამბეჭდავი გამოსახულებები.

ზურა აფხაზი (აფხაზაშვილი) დაიბადა 1968 წელს. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების (1996 წ.) შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა უფლისციხეში ხატვის მასწავლებლად, არის მრავალი გამოფენის მონაწილე. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ახალი გერმანული ექსპრესიონიზმისთვის სახასიათო ბრუტალურობამ, დიდმა ფორმატებმა და აქცენტებმა ტექსტურაზე, რაც ორიგინალურ მრავალფეროვნებად განავითარა მასშტაბურ სერიებში, სადაც მკაფიოდ ვლინდება მხატვრის საავტორო მახასიათებელი. ზურა აფხაზის სტუდია უფლისციხის არქაული მონუმენტურობისა და შთამბეჭდავი პეიზაჟების გარემოცვაშია და აქ შეიძლება იმ მოტივების ამოცნობა, რაც ამ მხატვრის ნამუშევრების ენას ქმნის. კოსმოსის (სამყაროს წესრიგის) შავ-თეთრი სურათების მის მიერ შექმნილი სერიები ისევე იდუმალია, როგორც თავად კოსმოსი.

პროექტს წარმოადგენს Dédicace Gallery - დედიკას გალერეა, რომელთანაც ზურა აფხაზს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. გამოფენის კურატორია ხათუნა ხაბულიანი. ვიდეო ჩანართებზე იმუშავეს ლექსო სოსელიამ და უჩა წოწერიამ, ხოლო ხმოვანი ნაწილი ეკუთვნის დიმა დადიანს.

კურატორი - ხათუნა ხაბულიანი

წარმდგენი - Dédicace Gallery - დედიკას გალერეა

გამოფენის ხანგრძლივობა - 12.07.2022 – 07.08.2022

გახსნა - 12.07.2022 – 16:00 სთ.