ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების კოლექცია მირზაანის სახელმწიფო მუზეუმიდან

15 აპრილი 2022 – 14 ოქტომბ. 2022

სიღნაღის მუზეუმი

2022 წლის 15 აპრილიდან 14 ოქტომბრამდე სიღნაღის მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმის კოლექცია გამოიფინება. ექსპოზიციაში წარმოგიდგენთ კოლექციაში დაცულ ნიკო ფიროსმანაშვილის 14 სურათს და პაბლო პიკასოს ცნობილ ოფორტს, ნიკო ფიროსმანაშვილის გრაფიკული პორტრეტის გამოსახულებით.

მირზაანის სახლ-მუზეუმში დაცულ ნიკო ფიროსმანაშვილის სურათების კოლექციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის მხატვრულ მემკვიდრეობაში. ადრე დაობლებულმა მხატვარმა დაახლოებით 8-10 წლისამ დატოვა მშობლიური მირზაანი და მას შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, თბილისში ცხოვრობდა.

მირზაანში კი მისი და დაფუძნდა ოჯახთან ერთად. გადმოცემით, 1898 წელს ნიკო ფიროსმანაშვილს მამისეულ კარმიდამოს ადგილზე დისთვის  ახალი სახლი აუშენებია. სწორედ იქაა განთავსებული ჯერ კიდევ 1960 წელს შექმნილი მხატვრის სახლ-მუზეუმი.

ამ მემორიალურ მუზეუმს პირველი ექსპონატები საქართველოს მწერალთა კავშირმა და სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა გადასცა, რითაც ჩაეყარა საფუძველი ცნობილ მირზაანულ კოლექციას. დღეს აქ ნიკო ფიროსმანაშვილის 14 სურათია დაცული. ცალკე უნდა აღინიშნოს პაბლო პიკასოს მიერ ილიაზდის (ილია ზდანევიჩის) წიგნისთვის - „ნიკო ფიროსმანაშვილი-1914“ საგანგებოდ 1972 წელს შექმნილი ნიკო ფიროსმანაშვილის გრაფიკული პორტრეტი, რომლის ორიგინალი მირზაანის მემორიალურ მუზეუმს 1985 წელს საჩუქრად გადასცა ილია ზდანევიჩის მეუღლემ ელენ დუარმა.