როკო ირემაშვილი - ბუფერული ინტერვალები

18 თებერვ. 2022 – 20 მარტი 2022

ეროვნული გალერეა

დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ როკო ირემაშვილის სოლო გამოფენას.

,,ბუფერული ინტერვალები’’ როკო ირემაშვილის გლობალურ კონტექსტში გააზრებული, მულტიმედიური საავტორო პროექტია, რომელიც მარადიულ პრობლემას - ადამიანის თავისუფლებასა და ამ თავისუფლების სივრცისკენ სვლის პროცესში მუდმივად შემხვედრი წინაღობებისა და ბარიერების  გადალახვას ეხმიანება.

როცა თავისუფლებისკენ მიმავალი გზა გადაკვეთს ხელოვნებას, აქ წინააღმდეგობის სახით შევხვდებით მანიპულირების ინტერესით გატარებულ შინაარსობრივად დაცლილ თემებს, რომელთა შორისაც ,,იჭყლიტება’’ არსებული სივრცე. „ბუფერული ინტერვალის’’ ფარგლებში შექმნილი სურათხატები „თავისუფლების“ თემებით მანიპულაციის საფრთხეებზეც პედალირებს.

ამავე დროს, ხელოვნება არის ერთგვარი ფარი, რომლითაც ხელოვანი თავისი პიროვნული თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დარტყმებს იგერიებს და ბუფერის მსგავსად, დამაზიანებელ ძალას არ აძლევს ზემოქმედების უფლებას და მასზე რეფლექსირებით გარდაქმნის სასარგებლო გამოცდილებად.

როკო ირემაშვილის მიერ შემოთავაზებული საგამოფენო პროექტი „ბუფერული ინტერვალები“ ლოგიკური გაგრძელებაა მისი შემოქმედებითი ხედვის. ეს მულტიმედიური აქცენტებით შექმნილი პროცესი-მეტაფორაა,  რომელიც ყოველთვის  ახალ საკრალურ ხატებებს ბადებს.  სწორედ ამ ფორმით ვლინდება მხატვრის განუმეორებელი ხელწერა – სხვადასხვა მედიებით ინტეგრირებული ვიზუალი, რომელიც არსებულ მოცემულობაში   კონკრეტული თემატიკის მძაფრად  წარმოჩენის საშუალებას იძლევა.

პარმენიდე ამბობს: ყოფნა არის სფერო, რომლის შიგნით ყოველივე თანაბრად დაცილებულია ცენტრს და ამ სფეროს გარდა სხვა არაფერი არსებობს. თუ ამ ყოფნის სფეროს თავად ხელოვნების თავისუფლების არეალად წარმოვიდგენთ და საგამოფენო კონცეფციის ინსპირატორად ვაქცევთ, გასაგები გახდება, რომ ხელოვანისთვის „ყოფნა’’ თავისუფლების სინონიმია, რაც სრულ თანხვედრაშია თავად ხელოვანსა და  ხელოვნებას შორის დამოკიდებულებასთან.

სწორედ ამგვარი ახალი იდეური და შემოქმედებითი სივრცის შექმნის სურვილია „ბუფერული ინტერვალები.’’ ამ ტიპის  გამოფენები თანამედროვე სახელოვნებო ენის სოციუმში ინტეგრაციის, „ელიტარულ ხელოვნებასა’’ და სოციუმს შორის კედლის მსხვრევის და მათ შორის დიალოგის წარმოქმნის საქმეში შეიტანს დიდ წვლილს.

კურატორი: ნინო გუჯაბიძე
თანაკურატორი: ანა ჟვანია

გამოფენის გახსნა: 18.02.2022 | 16:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 18.02-20.03.2022

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის