ვანის განახლებული მუზეუმის ექსპოზიცია

21 ოქტომბ. 2020 – 21 ოქტომბ. 2025

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

ვანის განახლებულ მუზეუმში, მუდმივმოქმედ გამოფენაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით წარმოდგენილია ვანის ნაქალაქარსა და მის შემოგარენში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება.

დღეს ვანის ნაქალაქარი მსოფლო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია და აქ მოპოვებულ მასალას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

ვანის მუზეუმი წარმოაჩენს მითიური ოქროს საწმისის ქვეყნის - კოლხეთის სამეფოს ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრის და ელინისტურ სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული სატაძრო ქალაქის რვასაუკუნოვანი განვითარების ყველა ეტაპს. 

მუზეუმში იხილავთ ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილ კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშებს, რომლებიც „ოქრომრავალი კოლხეთის" რეალობის ნათელი დასტურია. ამასთანავე, პირველად არის ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ. 

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აღმოჩენილ ბრინჯაოს ქანდაკებების ნიმუშებთან ერთად, მუზეუმში პირველად არის წარმოდგენილი გადამალული განძის სახით აღმოჩენილი ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ჭრაქების უნიკალური ნიმუშები, რომლებიც სატაძრო ინვენტარს წარმოადგენდა და კიდევ ერთხელ ცხადყოფს ძვ.წ. II-I საუკუნეებში ვანის, როგორც სატაძრო ქალაქის მნიშვნელობას. 

მისამართი: ვანი, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა 32

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი / ანა დავარაშვილი; National Geographic Magazine საქართველო / ტბელ აბუსერიძე.