მე-19 საუკუნის „ერივანსკის მოედნის“ ციფრული რეკონსტრუქცია

30 ნოემბერი -0001 – 30 ნოემბერი -0001

მე-19 საუკუნისერივანსკის მოედნის" ციფრული რეკონსტრუქცია  

(თავისუფლების მოედანი)

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვირტუალური  ფესტივალის ფარგლებში წარმოგიდგენთ მე-19 საუკუნის 80-იანი წლების „ერივანსკის მოედნის" (დღევანდელი თავისუფლების მოედნის) ციფრულ რეკონსტრუქციას 360 გრადუსიანი ხედებით. ვირტუალურ მოედანთან ერთად, შესაძლებელია მოედნის ისტორიისა და  მოედანზე დღემდე არსებული თუ უკვე დაკარგული მნიშვნელოვანი ნაგებობების ისტორიულ-არქიტექტურული ნარატივების ხილვაც.

მოედნის ციფრული რეკონსტრუქციისა და მისი ნაგებობების ისტორიულ არქიტექტურული კვლევების მოსამზადებლად გამოყენებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული უნიკალური ვიზუალური მასალები - თბილისის რუკები და ურბანული გეგმები, განსაკუთრებული მნიშვნელო­ბის მქონე სხვადასხვა შენობების არქიტექტურული პრო­ექტები და ესკიზები, გრავიურები, დიმიტრი ერმაკოვისა და ალექსანდრე როინაშვილის მდიდარი ფოტოკო­ლექციები, ასევე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და მარჩიანას ეროვნული ბიბლიოთეკის (ვენეცია) მასალები.

რომელთა საფუძველზეც გამოსაცემად მომზადდა წიგნი-კატალოგი „XIX საუკუნის თბილისის ისტორიული არეალებისა და ნაგებობების ციფრული რეკონსტრუქცია, ნაწილი I, ერივანსკის მოედანი". გამოცემაში ციფრულად დამუშავებული 3D მოდელების საშუალებით რეკონსტრუირებულია ისტორიული მოედნის იერსახე და მისი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ნაგებობები.

პროექტის რეალიზებით, ძველი ქალაქის ეს ისტორიული არეალი და მისი კონკრეტული ნაგებობები, მათი ზომის, ფორმისა და ფუნქციის გათვალისწინებით, რეალურ სხეულს იძენენ და ვიზიტორებს  კონკრეტული ობიექტე­ბის  სივრცეში ამოცნობის ახლებური შესაძლებლობა ეძლევათ.

მოედნის ციფრულმა რეკონსტრუქციამ  11 ისტორიული ნაგებობა მოიცვა, ესენია:

1. კავკასიის სამხედრო კორპუსის შტაბი. 1824-1827 წლები. არქიტექტორი უცნობია.

2. იაკობ ზუბალაშვილის სახლი. XIX საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევარი. არქიტექტორი ჯუზეპე ბერნადაჩი.

3. ქარვასლა" თეატრით. 1847-51 წლები. არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი.

4. სუმბათოვების სახლი, სასტუმროკავკაზი". XIX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისი. არქიტექტორი უცნობია. 1876 წლის რეკონსტრუქციის არქიტექტორი იაკობ ალექსეევი.

5. ნიკოლოზ ზუბალაშვილის სახლი. 1851 წელი. არქიტექტორი უცნობია.

6. ივანე ზუბალაშვილის სახლი. სავარაუდოდ, 1858 წელი. არქიტექტორი უცნობია.

7. ხარაზოვების სახლი - თბილისის ურთიერთსაკრედიტო საზოგადოების" შენობა. აშენების თარიღი და არქიტექტორი უცნობია.

8. თბილისის საქალაქო საკრედიტო საზოგადოების" შენობა.  XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლო. არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი.

9. თბილისის საქალაქო სათათბიროს და გამგეობის შენობა. (ე.წ. „სკუდიერის სახლის" (1849-51 წწ.) რეკონსტრუქციის შემდგომი ნაგებობა). რეკონსტრუქციის წლები 1878-1884). რეკონსტრუქციის გეგმის ავტორი არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი, ფასადის არქიტექტორი პაულ შტერნი.

10. კონსტანტინე ზუბალაშვილის სახლი. 1880-82 წლები. არქიტექტორი ალბერტ ზალცმანი.

11. სააფთიაქო საქონლით ვაჭრობის კავკასიის ამხანაგობის შენობა. XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისი. არქიტექტორი უცნობია.

ციფრულად აღდგენილ ნაგებობებებს შორის, განსაკუთრებული ყურა­დღება ეთმობა იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუ­დიერის მიერ დაპროექტებულ და 1851 წელს „ერი­ვანსკის" მოედანზე აგებულ შენობებს - ქალაქის სათათბიროს (რომელმაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრი­დან რამდენჯერმე იცვალა სახე) და თამამშევის ქარვას­ლას, სადაც თბილისის პირველი საოპერო თეატრი იყო განთავსებული.

როგორც ზემოთ აღინიშნა, წინამდებარე გამოცემა საქართველოს ეროვ­ნული მუზეუმის თანამშრომლებისა და მოწვეული ექსპე­რტების მიერ ჩატარებული სამუშაოების მხოლოდ ერთ ნაწილს მოიცავს. მიმდინარე კვლევები საკმაოდ გრძე­ლვადიანია და ფაქტობრივად, თბილისის ურბანული და არქიტექტურული იერსახის შესწავლის უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. მომდევნო გამოცემებში, ბიბლიოგრაფიული და ვიზუალური კვლევების კვალდაკვალ, ეროვნული მუზეუმის მიერ ძველი ქალაქის კიდევ არაერთი ისტორიული არეალის ციფრული რეკონსტრუქცია იქნება წარმოდგენილი.

წიგნი-კატალოგი „XIX საუკუნის თბილისის ისტორიული არეალებისა და ნაგებობების ციფრული რეკონსტრუქცია, ნაწილი I, ერივანსკის მოედანი" გამოსაცემად მომზადდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.