ინტერაქტიული ჰერბარიუმი

30 ნოემბერი -0001 – 30 ნოემბერი -0001

 

ინტერაქტიული ჰერბარიუმი გაგაცნობთ კავკასიის ტერიტორიაზე არსებულ მცენარეთა მრავალფეროვნებას.

ბმულზე ნახავთ რომელი მცენარე სად იზრდება, რომელ ოჯახს მიეკუთვნება და რა თვისებებით არის გამორჩეული.  

 

პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი საგანძური მისი ბუნებაა. დედამიწაზე არსებულ ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილებსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ გამოყოფილ 200 გლობალურ ეკოლოგიურ რეგიონს შორის ერთ-ერთი კავკასიაა.

კავკასია მდებარეობს ალპურ-ჰიმალაურ მთათა სისტემის ცენტრში, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, შავ, აზოვისა და კასპიის ზღვებს შორის.

მილიონობით წლის განმავლობაში მრავალი ცვლილებისა და სხვადასხვა გეოლოგიური პროცესების შედეგად ჩამოყალიბდა კავკასიის რელიეფის რთული სტრუქტურა მკვეთრად განსხვავებული სიმაღლებრივი სარტყლებით, რაც ლანდშაფტის მრავალფეროვნებასა და ცოცხალი ბუნების სიმდიდრეში აისახება. აქ გვხვდება ფართოფოთლოვანი, წიწვოვანი და შერეული ტყეები, ჭაობები და ჭალის ტყეები, ნახევარუდაბნოები, სტეპები, ნათელი მეჩხერი, სუბალპური და ალპური სარტყლებისუბნივალური - მარადიული თოვლისა და მყინვარების პირობებში არსებული - მცენარეულობა.

საქართველო ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია ფლორისტული თვალსაზრისით. კულტურულ მცენარეთა წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცენტრია, სადაც ჩამოყალიბდა ვაზის, მარცვლოვნების, ხეხილის და სხვა მრავალი შესანიშნავი სახეობა.

სიმონ ჯანაშისას სახელობის საქართველოს მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოსიციაზე ,,კავკასიის ბიომრავალფეროვნება’’ წარმოდგენილია საქართველოს და, ზოგადად, კავკასიის მრავალფეროვანი ბოტანიკური კოლექციები, რომლებიც 1852 წლიდან დღემდე გროვდებოდა როგორც კავკასიის ფლორისტული  ექსპედიციების შედეგად, ასევე ორგანიზაციებიდან, კერძო პირებისგან, გაცვლის წესით, შემოწირულობებისა და შესყიდვის გზით.

გამოფენაზე წარმოდგენილია უმაღლესი ანუ ღეროფოთლოვანი (მცენარეული სამყაროს მაღალორგანიზებული ჯგუფი, გვიმრანაირები, შიშველთესლოვანი და ფარულთესლოვანი მცენარეები) მცენარეების საჰერბარიუმო ნიმუშები, რომელთა  შორისაა კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ენდემები, რელიქტები და საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მნიშვნელოვანი სახეობები.