სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი უცნობი საარქივო მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

04 მარტი 2021
Share

სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი უცნობი საარქივო მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
(დინა-კოჟევნიკოვა-გუგუშვილის არქივი)

"სვანეთის ეთნოგრაფიული სინამდვილე უშრეტელი წყაროა, ვინც ამ სინამდვილის შესწავლის საქმეში თავის წვლილს, დიდსა თუ მცირეს შეიტანს, ჩვენგან მისალმების ღირსია, მით უფრო, თუ ის ეროვნებით ქართველი არ არის"

გიორგი ჩიტაია

ეს სიტყვები ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებელმა, აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ ეთნოლოგ ევდოკია კოჟევნიკოვა-გუგუშვილის მისამართით წარმოთქვა 1951 წელს. 

ევდოკია კოჟევნიკოვა (1905-1975 წწ) პეტერბურგის უნივერსიტეტის, ეთნოგრაფიის სპეციალობის სტუდენტი იყო, როდესაც პედაგოგის, აკადემიკოს ნიკო მარის რჩევით პირველად 1927 წელს ესტუმრა სვანეთს საველე პრაქტიკით და მთელი შემდგომი ცხოვრება საქართველოს დაუკავშირა. ზემო სვანეთის სოფელ ნაკიფარში, ბესარიონ და კესა პირველების ოჯახში ცხოვრობდა. ცოლ-ქმარს შვილივით მიუღიათ და შეჰყვარებიათ ევდოკია, მისთვის სიყვარულით დინა, სვანურად გოგო შეურქმევიათ.

სვანეთში ცხოვრებისას დინამ სვანური და ქართული ენები შეისწავლა. მასალას ქართულ და სვანურ ენებზე ჯერ რუსული და ნიკო მარისეული ანალიტიკური, შემდეგ კი ქართული ანბანით იწერდა. თავისი პედაგოგის ნაჩუქარი პორტატიული ფოტოაპარატით, მან ფირზე აღბეჭდა სვანური ყოფითი რეალიები და თავადვე გააკეთა ჩანახატები. 

დინა კოჟევნიკოვას არქივში დაცული ინფორმაცია სანდო და უტყუარი წყაროა სვანეთისა და ზოგადად ქართული ეთნოკოლტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის, რადგან ავტორი მასალას სვანებთან თანაცხოვრების პერიოდში, მათ ყოფა-ცხოვრებაზე უშუალო დაკვირვებით აგროვებდა. 

დინა კოჟევნიკოვამ ზემო სვანეთში 140-მდე საეკლესიო, სათემო და საოჯახო დღესასწაული აღწერა, ჩაწერილი აქვს ფოლკლორული მონაცემები, ჩვეულებითი სამართლის საკითხები, სამეურნეო საქმიანობასა (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა) და ნადირობასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი და სხვა.

მასალა 1987 წლიდან დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის კოლექციებში.

2019 წელს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მონაწილეობა მიიღო სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში. კონკურსზე წარდგენილი პროექტი - სვანეთის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი უცნობი საარქივო მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაფინანსდა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საარქივო მასალის შესწავლა ეთნოგრაფიის, ვიზუალური ანთროპოლოგიის, ლინგვისტიკისა და ფოლკლორისტიკის მიმართულებით; წიგნის -„დინა კოჟევნიკოვა-გუგუშვილის ეთნოგრაფიული ჩანაწერები"-ს გამოცემა და ფართომასშტაბიანი გამოფენის - „ფოტოებში ასახული სვანეთის ეთნოკულტურა" მოწყობა.

დასრულდა მასალის სისტემატიზაცია-კლასიფიკაცია; ჩატარდა რესტავრაცია-კონსერვაცია (დარეჯან გოგაშვილი); ციფრულ ფორმატში მიგრაცია-დიგიტალიზაცია (სოფიო ებრალიძე, ირინა აბესაძე); სვანურად ჩაწერილი ტექსტების ქართულად თარგმნა (ნინო წერედიანი, ქეთევან მარგიანი, მადონა ჩამგელიანი); ავტორის ბიოგრაფიული მონაცემების ახალი მასალით შევსება; მოხდა დინა კოჟევნიკოვა-გუგუშვილის არქივში დაცული ჩანაწერების დღევანდელ მონაცემებთან შედარება.

წარმატებით განხორციელდა საჯარო მოხმარების მონაცემთა ბაზის შექმნა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე მიბმა, რაც პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. მონაცემთა ბაზაზე წვდომა უცნობ და მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის მკვლევრებს და საინტერესო იქნება საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისათვის. 

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ისტორიისა და ეთნოგრაფიის კოლექციების უფროსი კურატორი, ისტორიის დოქტორი გულნარა კვანტიძე.

პროექტის კოორდინატორი: ისტორიისა და ეთნოგრაფიის კოლექციების კურატორი, ისტორიის მაგისტრი მანანა ხიზანიშვილი.

კვლევა განხორციელდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [FR-19-16133]"