მრვალფეროვანი სიბრძნე - ერმინე მაღრაძის სამეცნიერო კვლევა

11 დეკემბერი 2020
Share

ოქროს საფუძველზე შესრულებული ტიხროვანი მი­ნა­ნ­­ქრის ტექნოლოგია მნიშვნე­ლო­ვანი მონაპოვარია ჩვენი ქვეყნის კულტურისათვის. ტიხროვანი მინანქრის ხელოვ­ნება სახე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდნეო თვალსაზრისით მრავალ­მხრი­­ვაა შესწავლილი, მაგრამ მინისა და ლითონის ქიმი­უ­რი შედგე­ნილობისა და მათი დამუშავების ტექნოლო­გიური პროცესების საფუძვლიანად კვლევა, შეიძლება ითქვას, მხოლოდ საწყის ეტაპზეა.

შუა საუკუნეების ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიის კვლევა კომპლექსური ხასიათისაა: გამოსაკვლევი იყო მაღა­ლი სინჯის ოქროს მალეგი­რე­ბელი ლითონები; სარჩილთა სახეობები; ფერადი, დეკორატიული მინის შედ­გე­ნილობა და ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც უძველეს სახელოსნოებში ახორციელებდნენ სრულ ტექნო­ლოგიურ პროცესებს. აღნიშნულ საკითხებ­თან უწყვეტადაა დაკავ­ში­რებული უძველესი მინის ისტორია.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერის ერმინე მაღრაძის მიერ პროექტით დაგეგმილი კვლევები ითვალისწინებდა ეროვნული მუზეუმის საგანძურებ­ში დაცული უნიკალური ძეგ­ლე­ბის შესწავლას. კერძოდ, შეძლებისდაგვარად, აღდგენილიყო და მკა­ფიოდ წარმოჩენილიყო უძველესი ქართულ-ბიზანტიური ტი­ხროვანი მინანქრისათვის საჭირო ფერადი, დეკორა­ტიული მინის შექმნისა და განვითარების ისტორიული სურათი.

საკვლევაძიებო ღონისძიებების შედეგად, დეტალურად იქნა შესწავლილი მეფე ვახტანგ VI-ის ტრაქტა­ტის - ,,წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის" - გარკვეული თავე­ბი.  მასში მოცემული ფერადი, დეკორატიული მინის რეცეპტების მიხედვით წარმატებით აღდგა მინის მოდუღების ძველი ტექნოლოგია, რითაც დადასტურდა, რომ ვახტანგ მეფის ტრაქტატში აღწერილი ფერადი მინის მიღების რეცეპტების გამოყენება რეალურ შედეგს იძლევა. ვახტანგისეული ტექნოლოგიით აღდგენილი ფერადი, დეკორატიული მინები ფიზიკურ-ქიმიური თვი­სე­ბე­ბით ძალიან ჰგავს შუა საუკუნეების ტიხროვანი მი­ნა­ნქრის ძეგლებზე არსებულ ფერად მინებს.

კვლევით მიღებული შედეგების საფუძველზე გამოვლინდა სხვადასხვა ტექნიკური საშუალება, მცენარეული და მინერალური მასა­ლა, რომ­ლებ­საც, სავარაუდოდ, იყენებდნენ უძველეს ქართულ საო­ქრომ­ჭედლო სახელოსნოებში. ჩატარდა არაერთი საველე-გეო­ლო­გიური სამუშაო, რათა მეცნიერთა გუნდს მოეძია ის მინე­რალები და მო­მხდარიყო მათი დამუშავება, რომელთა გამოყენებაზეც უძველესი წერილობითი ძეგლები და სხვადასხვა თანამედროვე აპარატურით მინანქროვანი ნიმუშების შესწავლით მიღებული შედეგები მიანიშნებდა.

სიღრმი­სეუ­ლი კომპლექსური კვლევები განხორციელდა საქარ­თვე­ლოს ტექნიკური უნივერსი­ტე­ტის სამთო-გეოლოგიუ­რი ფაკულტეტის გამოყენებითი გეო­ლო­გიის დეპარტამენ­ტის თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კვ­ლევით ლა­ბო­რა­ტორიაში.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს შოთა რუსთა­ვე­ლის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

***

ეროვნულ მუზეუმში ერმინე მაღრაძის სამეცნიერო კვლევები არაერთხელ არის განხორციელებული. მათ შორისაა 2012-13 წლებში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტი - ,,დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ტიხროვანი მინანქარი". მეცნიერული მუშაობის შედეგად, ერმინე მაღრაძემ ოქროს მასალაში შეასრულა ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის კარედზე დაცული XII საუკუნის ტიხროვანი მინანქრის მედალიონის (წმ. სვიმეონ მოციქულის გამოსახულებით) ზუსტი ასლი. ეროვნულ მუზეუმში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგად გამოვლენილი უძველესი ტიხროვანი მინანქრის შექმნისათვის საჭირო ხელსაწყო - სამარჯვი საშუალებები და ამ პროცესის ამსახველი დოკუმენტური ფილმი.

2018 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ერმინე მაღრაძის ავტორობით განხორციელდა პროექტი სახელწოდებით ,,ოქროდ ქცეული სიბრძნე", რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს ეძღვნებოდა და მისი მხარდამჭერი იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. აღნიშნული პროექტით დამთვალიერებელს პირველად მიეცა საშუალება ეხილა ეროვნულ მუზეუმში დაცული ოქრომჭედლობის ერთ-ერთი შედევრის - თრიალეთში აღმოჩენილი II ათასწლეულის დასაწყისით დათარიღებული ოქროს პოლიქრომული თასის ასლი, ექსპერიმენტული კვლევის შედეგები და ამ პროცესზე გადაღებული იმავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმი.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვანის განახლებულ მუზეუმში ერმინე მაღრაძის ექსპერიმენტების წყალობით დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს ძველი კოლხების ცოდნას ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ - დღეს მუზეუმში განსაკუთ­­რებული ადგილი უჭირავს კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშების დამზა­დების ტექნოლოგიის წარმოჩენას.