ორმხრივპროტომიანი ზოომორფული ფიგურა

04 თებერვალი 2022
Share

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შუა საუკუნეების განყოფილების დასავლეთ საქართველოს ფონდის, ნოქალაქევის კოლექციიდან წარმოგიდგენთ ორმხრივპროტომიან ზოომორფულ ფიგურას, რომელიც ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება.

ორმხრივპროტომიანი ზოომორფული ფიგურა აღმოჩენილია 2014 წელს, ნოქალაქევში. ფიგურა თიხისაა (ზომები: L - 26.5 სმ; H - 17.5 სმ). აქვს მრგვალგანიკვეთიანი გრძელი ტორსი და ოთხი მოკლე ფეხი. ორივე მხარეს, რეალისტურად გამოსახულ სახეზე წრიულად ამოჭრილია თვალის ბუდეები. წრიული დინგი გამოყოფილია ჰორიზონტალური ხაზით, რომელშიც სავარცხლისებური იარაღით კბილები აქვს გამოკვეთილი, მის ზემოთ კი ნესტოებია დატანილი. ფიგურას აქვს ირიბად წაკვეთილი ორი ყური, კისერზე - რელიეფური წანაზარდებით შესრულებული ე.წ. უღელი.

ორმხრივპროტომიანი ფიგურების აღმოჩენასა და კვლევას არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა, დღეისათვის არსებობს მოსაზრებები ამ კულტურის წარმოშობის, კოლხეთში გავრცელებისა და ზოგადად, მისი რაობის შესახებ.

ორმხრივპროტომიანი, ოთხფეხა ფიგურები სრულიად უჩვეულოა დღემდე ცნობილ კოლხურ ზოომორფულ გამოსახულებათა შორის. მსგავსი გამოსახულებანი ძველ აღმოსავლეთსა და ხმელთაშუაზღვისპირეთში ძვ.წ. III-II ათასწლეულებშია ცნობილი. როგორც, აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე აღნიშნავს, საქმე გვაქვს სრულიად ჩამოყალიბებულ იკონოგრაფიულ ტიპთან - ოთხფეხა, ორმხრივპროტომიან ფიგურებთან. მეცნიერთა ნაწილი მას აღმოსავლურ სამყაროს, ლურისტანული კულტურის წრეს უკავშირებს. ამავე დროს, ამგვარი გამოსახულებანი ფართოდაა გავრცელებული ბერძნულ სამყაროში და მათი გამოჩენა გვიან გეომეტრიულ ხანას მიეკუთვნება. ამგვარ ფიგურებს საკულტო დანიშნულება უნდა ჰქონოდა, რომლის რიტუალის განვითარების პიკი, ფიგურების დამსხვრევის პროცესი უნდა ყოფილიყო. ეს რიტუალი ერთი მხრივ მოკვდავ-აღდგენადობის, მეორე მხრივ ნაყოფიერებისა და ბოლოს - რაოდენობრიობის ძალზე ფართო ტრადიციებით უნდა იყოს ახსნილი.

იკონოგრაფიული გამოსახულებით ისინი სრულიად ახალი, უცნობი კულტურის კუთვნილებას წარმოადგენენ, რომლებსაც პარალელი ჯერჯერობით მხოლოდ ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ ქანდაკებებთან ეძებნებათ. მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, ფიგურები ადგილზე იყო დამზადებული, თუ იმპორტთან გვაქვს საქმე. ამ ეტაპისათვის სპექტრული ანალიზებით მიღებული მონაცემების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მოძიებულ თიხის ნიმუშებსა და საკვლევ ფიგურებში არსებული მიკროელემენტების შემცველობა თითქმის იდენტურია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ფიგურები ადგილობრივ ნაწარმს წარმოადგენს.

ტექსტი: 

დავით ლომიტაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

თამილა კაპანაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების განყოფილების დასავლეთ საქართველოს ფონდის კურატორი

#მუზეუმისუცნობიკოლექცია