სიღნაღის მუზეუმი

01 დეკემბერი 2021
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანება 2004 წელს შეიქმნა. გაერთიანებაში შევიდა საქართველოს პრაქტიკულად ყველა მთავარი მუზეუმი და რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. თითოეულ დაწესებულებას თავისი უნიკალური ისტორია, კოლექცია და ტრადიცია ახლდა თან, თუმცა, თითოეული მძიმე მდგომარეობაში იყო, ისევე როგორც მთელი ქვეყანა გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ. ახლად შექმნილი გაერთიანების წინაშე იდგა საკმაოდ რთული ამოცანა - არსებულ უნიკალურ ტრადიციებზე დაყრდნობით შეექმნა თანამედროვე ინტერდისციპლინარული სამეცნიერო-კულტურული დაწესებულება, რომელიც ეროვნული საგანძურის კვლევით მიღებული ცოდნის გაზიარების, გართობისა და დასვენების ადგილად იქცეოდა და რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელს აღბეჭდავდა თანამედროვე მსოფლიოს სამეცნიერო-კულტურულ რუკაზე.

მუზეუმისთვის, კოლექციების მოვლასთან, მათ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კვლევასთან ერთად, თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო საგამოფენო პოლიტიკა, გამოფენების დინამიკა - დროებითი და მუდმივმოქმედი გამოფენების მოწყობა, საგანმანათლებლო პროგრამების სრული სისტემისა და თანამედროვე საკომუნიკაციო პლატფორმების შექმნა. მუზეუმის მთავარი ამოცანა იყო რომ სამეცნიერო დაწესებულება გარდაქმნილიყო საზოგადოებასთან აქტიურ კავშირში მყოფ ინსტიტუციად. წლების განმავლობაში იცვლებოდა ინსტიტუციის მასშტაბები, ეტაპობრივად შეიერთა ქვეყნის სხვადასხვა მუზეუმი. 

2005 წლიდან ეროვნულმა მუზეუმმა განახორციელა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აშენდა ან სრულად განახლდა 8 მუზეუმი: აშენდა სიღნაღისა და სვანეთის მუზეუმები; განახლდა ახალციხის მუზეუმი; ღია ცის ქვეშ მუზეუმად მოეწყო დმანისის მუზეუმი; განხორციელდა საქართველოს მუზეუმისა და ეროვნული გალერეის ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. პანდემიის მიუხედავად, ევროპაში, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2020 წელს ორი ახალი მუზეუმი წარუდგინა დამთვალიერებელს - აშენდა ახალი მუზეუმი ბოლნისში და სრულად განახლდა არქეოლოგიური მუზეუმი ვანში.

2007 წელს სიღნაღის ისტორიულ­-ეთნოგრაფიული მუზეუმი შეუერთდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. სარეაბილიტაციო პროექტის არქიტექტურული გეგმა შეიქმნა ფრანგულ კომპანიასთან „სტუდიო მილუ არქიტექტს" თანამშრომლობით. კონცეფციის შემუშავებასა და საექსპოზიციო სამუშაოებში ფრანგ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობდნენ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები. ეროვნულ მუზეუმთან შეერთებით და ახალი სარეაბილიტაციო პროექტით პატარა ქალაქში ევროპის სამუზეუმო სტანდარტების შესატყვისი მუზეუმი შეიქმნა. სიღნაღის მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი პირველი ნაბიჯი იყო თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების მიღწევისაკენ საქართველოში. თანამედროვე მუზეუმში სიღნაღის და ამ კუთხის ისტორია, კულტურა და ადათ­-­წესები გაცოცხლდა. 

საგამოფენო დარბაზები აღჭურვილია უსაფრთხოების და კლიმატის კონტროლის თანამედროვე სისტემით, ხოლო მუზეუმის კაფედან და ტერასიდან წარუშლელი ხედი იშლება ალაზნის ველზე. საგამოფენო დარბაზებში ქრონოლოგიურადაა წარმოდგენილი მტკვარ-­არაქსისა და ალაზან­-­ბედენური კულტურის ნიმუშები. კახეთში აღმოჩენილი ენეოლითის ხანის სპილენძის სადგისი ადასტურებს, რომ მეტალურგიის წარმოშობას აქ 7 ათასი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. აქვეა წარმოდგენილი ბედენის შავპრიალა კერამიკა. ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღებული ლომის ოქროს ქანდაკება სიღნაღიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარე წნორის ყორღანში აღმოჩნდა. ექსპოზიციაზე სწორედ ამ ყორღანის სამარხეული ინვენტარია წარმოდგენილი. აღსანიშნავია გვიანბრინჯაოს და ადრერკინის ხანის სამლოცველოების - მელი-­ღელეს, მელა ანის, შილდის შეწირული ნივთები; ფევრების (მელაანი) კოლექციის შესანიშნავი სამკაული, ბრინჯაოს საბრძოლო ეტლის მოდელი და შუა საუკუნეების არქეოლოგიური მონაპოვრები. 

ქართლ­-­კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, 1802 წლიდან, სიღნაღი სამაზრო ცენტრი გახდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან აქ ფეხი მოიკიდა ქალაქური ცხოვრებისთვის დამახასიათებელმა სალონური ტიპის საღამოებმა, სადაც თავს იყრიდა ქალაქის მაღალი საზოგადოება, იმართებოდა სახალხო დღესასწაულები და წარმოდგენები. პირველი ოფიციალური თეატრალური წარმოდგენა სიღნაღში 1872 წელს გაიმართა. ეთნოგრაფიული ექსპოზიცია თითქოს ამ ყველაფერს დამთვალიერებლის თვალწინ აცოცხლებს. მუზეუმის მეორე სართულზე ერთი დარბაზი ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებს ეთმობა. 

2007 წლიდან მოყოლებული არაერთი გამოფენა, ღონისძიება თუ საგანმანათლებლო პროექტი თუ კონფერენცია განხორციელდა სიღნაღის მუზეუმში. 2009 წელს მუზეუმმა უმასპინძლა საერთაშორისო გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი იყო პაბლო პიკასოს ლინოგრავიურების კოლექცია საფრანგეთის ქალაქ ვეზლეს მუზეუმიდან, სადაც 2008 წელს ფიროსმანის ნამუშევრები იყო გამოფენილი. მუზეუმმა ბოლო წლებში კიდევ არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას უმასპინძლა.

სიღნაღის მუზეუმი პერიოდულად მასპინძლობდა ნამუშევრებს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან, რადგან დროებით დახურული მუზეუმის კოლექციები დამთვალიერებლისათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. აღსანიშნავია კახელ დიდგვაროვანთა პორტრეტების, ელენე ახვლედიანის, ვალერიან სიდამონ-ერისთავისა და ჰენრიკ ჰრინევსკის გამოფენები. ასევე უნდა გამოვყოთ თანამედროვე იაპონელი კალიგრაფის გამოფენა, ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას ფოტოგამოფენა. 

სიღნაღის მუზეუმი აქტიურადაა ჩართული ქალაქის და, ზოგადად, კახეთის რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში და თავისი წვლილი შეაქვს რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და ქართული კულტურის საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობაში.  

 

დამატებითი მასალა: