ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა გუნდმა ლიკის ფონდის გრანტი მოიპოვა

20 იანვარი 2022
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცუცხვათის მღვიმური კომპლექსის შემსწავლელმა კვლევითმა ჯგუფმა, პალეოანთროპოლოგიისა და ქვის ხანის არქეოლოგიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ფონდის, ლიკის ფონდის გრანტი მოიპოვა.

გამორჩეული პალეოანთროპოლოგის, არქეოლოგისა და რევოლუციური აღმოჩენების ავტორის ლუის ლიკის სახელობის ფონდი პალეოანთროპოლოგიისა და პალეოლითის არქეოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ფონდია. ლიკის ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანისა და კულტურის წარმოშობის შესახებ ინტერდისციპლინური კვლევების წარმოებასა და საზოგადოებაში ამ ცოდნის გავრცელებას. ლუის ლიკის ფონდი ყოველწლიურად აფინანსებს ორმოცამდე მეცნიერის გამორჩეულ კვლევით პროექტს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა გუნდის კვლევითი პროექტის - "შუადან ზედა პალეოლითზე გადასვლის კვლევა ბრინჯაოს მღვიმეში, ცუცხვათი, საქართველო" ხელმძღვანელია ნიკოლოზ წიქარიძე. მოპოვებული დაფინანსება მნიშვნელოვანი წარმატებაა ქართული პალეოანთროპოლოგიისა და ქვის ხანის არქეოლოგიისთვის.