მონეტა ფოკეადან

10 იანვარი 2022
Share

წარმოგიდგენთ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კლასიკური მონეტების ფონდის გამორჩეულ, ძალზე იშვიათ, ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ოქროს მონეტას - ჰექტა (1/6 სტატერი). მოჭრილია ძვ.წ. V-IV საუკუნების მიჯნაზე, ფოკეაში. წონა: 2.93 გრამი. ზომა: 12 მილიმეტრი. მონეტა საქრთველოს სახელმწიფო მუზეუმმა მემკვიდრეობით მიიღო კავკასიის მუზეუმისგან, სადაც იგი მოხვდა 1911 წელს.

ავერსი: კვადრატუმ ინკუსუმი (Quadripartite incuse sguare).
რევერსი: ათენა ატიკურ თავსაბურავში. 

ფოკეა იყო ერთ-ერთი იონიის 12 ქალაქიდან, ლიდიის დასავლეთ სანაპიროზე, მცირე აზიაში, ეგეოსის ზღვის აუზში. იგი მდებარეობდა ყველაზე ჩრდილოეთით იონიის ქალაქებიდან. მას ჰქონდა ძალზედ მოხერხებული ორი პორტი (ამჟამად თურქული ქალაქი ფოჩა). ქალაქის მცხოვრებნი, ძირითადად, მისდევდნენ ვაჭრობას, თევზჭერას, ზღვაოსნობას. ფოკეელებს მიეწერებათ ესპანეთის (იბერიის) აღმოჩენა. მათ დაარსეს ქალაქი მასალია (მარსელი), ნიცა სამხრეთ საფრანგეთში. ასევე, ძვ.წ. VII საუკუნის შუა წლებში ქალაქი ამისო (დღევანდლი სამსუნი) შავი ზღვის სანაპიროზე, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა კოლხეთის სამეფოსთან.

ფოკეა ჭრიდა ოქროსა და ვერცხლის მონეტებს, მაგრამ, უმეტესად, ელექტრუმისას (ოქროსა და ვერცხლის შენადნობი). ფოკეის მონეტებზე, ძირითადად, გამოსახული იყო სელაპი. ამ ქალაქის  ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამონეტო კარი, მასში მოჭრილი ელექტრუმის ჰექტები და სტატერები ძირითადი ვალუტა იყო დასავლეთ მცირე აზიის ქალაქებისათვის.

ავტორი: მედეა შეროზია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი კურატორი  

#მუზეუმისუცნობიკოლექცია