სოლიკო ვირსალაძე - რეტროსპექტული გამოფენა

10 იანვარი 2022
Share

14 იანვრიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა დიდი ქართველი სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის (1909-1988) რეტროსპექტულ გამოფენას წარმოგიდგენთ.

გამოფენაზე, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდება, ექსპონირებული იქნება მხატვრის 200-მდე ნამუშევარი და მის სახლ-მუზეუმში არსებული საარქივო ნივთები, ასევე კოსტიუმებს წარმოადგენს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

სოლიკო ვირსალაძემ შექმნა საკუთარი ხელწერა მე-20 საუკუნის სცენოგრაფიაში. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა იწყება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში. უმნიშვნელოვანესია სოლიკო ვირსალაძის როლი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ეროვნული ანსამბლის ისტორიაში, ვინაიდან „ქართული ნაციონალური ბალეტი" სუხიშვილებისა და სოლიკო ვირსალაძის „გამოგონებაა".  პროფესიონალ მხატვარს, თეატრალური ხელოვნების, ქორეოგრაფიის, მუსიკის ღრმა მცოდნეს, შეეძლო მუსიკალური განწყობის შესატყვისი ზუსტი მხატვრული ენის შექმნა სცენოგრაფიაში. სოლიკო ვირსალაძის გამორჩეული გემოვნებით, რაფინირებული სიზუსტით შექმნილი თეატრალური სცენოგრაფია მსოფლიო სასცენო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშთა რიგებშია.

აღსანიშნავია, რომ სოლიკო ვირსალაძის ნამუშევრების ბოლო გამოფენა საქართველოში 20 წლის წინ, ეროვნულ გალერეაში გაიმართა.

კურატორი: ელენე აბაშიძე
თანაკურატორი: ლანა ქარაია

გამოფენის ხანგრძლივობა: 14.01.2022 - 13.02.2022
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

გამოფენის ორგანიზატორები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სოლიკო ვირსალაძის ფონდი და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.
გამოფენის მხარდამჭერი: საქართველოს ბანკი.

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის