პომპეის საგანძურის მოგზაურობა საქართველოში დასრულდა

08 ნოემბერი 2021
Share

როგორი ქალაქი იყო პომპეი?! როგორი ცხოვრების სტილი, კულტურა და არქიტექტურა ჰქონდათ პომპეელებს? რა აკავშირებს პომპეის ვანთან, და ზოგადად, რომაულ სამყაროს იბერია-კოლხეთთან?

ყველა ამ კითხვაზე პასუხების მოძებნასა და ინტერესის გაღვიძებაში თითოეულ ვიზიტორს ქართულ-იტალიური გუნდის მიერ, ჯერ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, შემდეგ კი თბილისში, საქართველოს მუზეუმში მოწყობილი გამოფენა „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ და მის ირგვლივ მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამები, კურატორის ტურები, შემეცნებითი ვიდეო რგოლები თუ ბლოგები ეხმარებოდა.

უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით აქტუალურია პომპეისადმი მიძღვნილი გამოფენები, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან მუზეუმში გაიმართა. ამ მხრივ საქართველოს ეროვნული მუზეუმიც არ ყოფილა გამონაკლისი. იტალიის საელჩო საქართველოში და ეროვნული მუზეუმის მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა ამ გამოფენის საქართველოში მოგზაურობა.

გამოფენა 4 თვის განმავლობაში (18 ივლისი - 30 სექტემბერი, ვანის მუზეუმი; 13 ოქტომბერი - 7 ნოემბერი, საქართველოს მუზეუმი, თბილისი), პანდემიის მიუხედავად, 19.000-ზე მეტმა ვიზიტორმა დაათვალიერა.

  

არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან ძველი რომის დიდებული ქალაქის – ახ.წ. 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული პომპეის მდიდრულ ცხოვრებასა და მის ტრაგიკულ დასასრულს ასახავდა. თუ ვანში ანტიკური სამყაროსთვის ორი მნიშვნელოვანი ქალაქის - პომპეის და ვანის ისტორია ერთდროულად ცოცხლდებოდა და ორ განსხვავებულ სამყაროში მოგზაურობდი, თბილისში კიდევ უფრო მძაფრად აღიქვამდი პომპეის, როგორც დროის კაფსულას, მოულოდნელად აღმოაჩენდი, რომ არა ეს ტრაგიკული დღე კაცობრიობის ისტორიაში, შესაძლოა არაფერი გცოდნოდა ნეაპოლის ყურეში გაშენებული რომაული ქალაქების წარსულზე.

სიმბოლურია, რომ 7 ნოემბერს, ეროვნულ მუზეუმში ერთად გაიმართა გამოფენის დახურვის ღონისძიება და National Geographic Magazine საქართველოს ნოემბრის ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალის მთავარი თემაა ის 100 აღმოჩენა, რომელთა საშუალებითაც ჩვენი შორეული წინაპრები საკუთარ ამბებს მოგვითხრობენ. მათ შორის, განსაკუთრებული ადგილი უკავიათ პომპეის ნაქალაქარს და დმანისის ჰომინინებს.

პომპეის გამოფენის ორგანიზება საქართველოს ორ ქალაქში, შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი პარტნიორებისა და მხარდამჭერების გარეშე: TBC - თიბისი, Tsinandali Estate - წინანდლის მამული, Visa, Glocal Project Eventi, იმერეთის მხარე, პირველი არხი.

და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა თითოეულ ვიზიტორს, რომელიც მხარს გვიჭერს და გვაძლევს მოტივაციის, გავმართოთ ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტები.

 

ფოტომასალა: 

- პომპეის საგანძური ვანის მუზეუმში - მუზეუმის კულისები 
- სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი - გამოფენის გახსნა ვანის მუზეუმში 
- პომპეის საგანძური საქართველოს მუზეუმში (თბილისი) - მუზეუმის კულისები
- სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი - გამოფენის გახსნა თბილისში, საქართველოს მუზეუმში
- National Geographic Magazine საქართველოს ნოემბრის ნომრის პრეზენტაცია და გამოფენის დახურვა