ლექცია-ტური "პომპეის მოქალაქეები: დამარხული ქალაქის აღდგენილი ყოფა-ცხოვრება"

29 ოქტომბერი 2021
Share

4 ნოემბერს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში საერთაშორისო გამოფენის „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი" ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ მანანა ოდიშელთან.

ლექცია-ტური ეძღვნება აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძეს.

ახ.წ. 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ ტრაგიკულად შეწყვიტა სამხრეთ იტალიის აყვავებული რეგიონის, კამპანიის ქალაქების ცხოვრება. ერთ დროს სიცოცხლით სავსე საპორტო ქალაქი პომპეი ფერფლის და ლავის ქვეშ დაიმარხა. არქეოლოგიური გათხრები XVIII საუკუნიდან დაიწყო ძვირფასი ნივთების და ხელოვნების ნიმუშების მოპოვების მიზნით. XX საუკუნიდან ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა მეცნიერებს საშუალება მისცა აღედგინათ პომპეის მოსახლეობის ცხოვრების სტილის კომპლექსური სურათი, მათი ყოფა და ინტერესები.

პომპეიში სახლები 2-3 სართულიანი იყო, ქვედა სართულზე მაღაზიები და სახელოსნოები იყო განთავსებული. მოსახლეობა სალოცავად დადიოდა ტაძრებში, გასართობად თეატრებში, საბანაოდ და სავარჯიშოდ თერმებში და პალესტრებში. ქალაქის მოსახლეობა ჭრელი იყო, მდიდრები და ღარიბები სრულფასოვნად იყვნენ ჩართული ქალაქის ცხოვრებაში. ქალაქში იყო სამრეცხაოები, ტავერნები, სწრაფი კვების ობიექტები. მდიდართა კომფორტული ვილები დამშვენებული იყო ფრესკებით, მოზაიკებით, ქანდაკებებით და ვერცხლის ჭურჭლით.

საქართველოში აღმოჩენილმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ იბერია-კოლხეთში რომაული გავლენა პირველი საუკუნიდან იჩენს თავს. გვიან ანტიკური ხანის მოსახლეობისთვის რომაული კულტურა და ცხოვრების წესი სასურველი და მისაბაძი გახდა აქაური ელიტისთვის, რისი საუკეთესო მაგალითიც არის მოზაიკურ-იატაკიანი სასახლე ძალისაში.

*მანანა ოდიშელი მუშაობდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრში, ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კოლორადოს უნივერსიტეტში. მონაწილეობდა ავსტრიის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ეფესოში, ფიჭვნარის ქართულ-ბრიტანულ არქეოლოგიურ გათხრებში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.

მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია

მუზეუმის ბილეთი: ზრდასრული - 15 ლარი;
მოსწავლე/სტუდენტი/პენსიონერი - 50 თეთრი, პედაგოგი - 1 ლარი.
მისამართი: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 3
გამოფენის შესახებ ვრცლად 
რეკომენდაციები ვიზიტისას