ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა

25 ოქტომბერი 2021

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ირაკლი ფარჯიანის სახელობის ფონდი და ბაია გალერეა წარმოგიდგენთ ირაკლი ფარჯიანის (1950 -1991) ნამუშევრების გამოფენას, ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანის) განახლებულ მუდმივ ექსპოზიციასთან ერთად.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული გალერეის ფონდებსა და კერძო კოლექციებში დაცული ირაკლი ფარჯიანის 80 ნამუშევარი: ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია. მათი ნაწილი კი (30 ნამუშევარი) პირველად იქნება ექსპონირებული. გამოიცემა გამოფენის თანმხლები კატალოგი.

ირაკლი ფარჯიანი მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი მასშტაბური ფიგურაა, 1980-იანი წლებიდან პოსტსაბჭოთა ქართული მხატვრობის ლიდერია, რომელმაც განსაზღვრა თაობის პოზიცია, სტილი და მიმართულება. ირაკლი ფარჯიანის შემოქმედება 17 წელს მოიცავს. იგი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართულ ხელოვნებაში ირაკლი ფარჯიანს უკავშირდება რელიგიური მხატვრობის გაწყვეტილი ტრადიციის რეაბილიტაცია. 80-იანი წლების ქართულ მხატვრობაში მან თანამედროვე ხელოვნების ნაკადი, აბსტრაქციისა და ფორმის მოდიფიკაციის საკუთარი სქემა შემოიტანა. ირაკლი ფარჯიანი უნიკალური მხატვარი იყო, რომელმაც შეძლო ქართულ ხელოვნებაში ტრადიციული და თანამედროვე კულტურული სისტემების გაერთიანება.

ირაკლი ფარჯიანი ნიკო ფიროსმანის პრემიის ლაურეატია. ეროვნულ გალერეაში ამ ორი დიდი მხატვრის შემოქმედების ექსპონირება ერთ საგამოფენო სივრცეში მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების საინტერესო კონტექსტს გვთავაზობს.

კურატორი: ბაია წიქორიძე
თანაკურატორი: მარიამ დვალი

გამოფენის გახსნა: 2 ნოემბერი, 2021| 12:00-17:30
გამოფენის ხანგრძლივობა: 02.11.2021 - 01.02.2022

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის